თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ენერგეტიკული სამინისტრო ქვეყნის სტრატეგიული რეზერვებიდან ბაზარზე დამატებით 26 მილიონ ბარელ ნავთობს გაიტანს გასაყიდად.
აღნიშნული ქმედების მიზანი დასავლურ ბაზრებზე ენერგორესურსების გაძვირებით გამოწვეული ზეწოლის შემსუბუქება და ფასების მერყეობის შემსუბუქებაა. სახაზინო დეპარტამენტის შეფასებით, სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საშუალებით საწვავის ფასი ყოველ გალონზე დაახლოებით 80 ცენტითაა შემცირებული.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო ბირჟას სტრატეგიული რეზერვებიდან 180 მილიონი ბარელი ნავთობი მიაწოდა.
ექსპერტების შეფასებით, დამატებით 26 მილიონი ბარელის მიწოდება გარკვეულ გავლენას აუცილებლად მოახდენს ნავთობის ფასებზე, თუმცა აღნიშნული მოცულობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება მკვეთრად შემცირდეს.
ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 85 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI Crude-ის ფასი 80 დოლარის ფარგლებში მერყეობს.