"დიოს" მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, ამ ეტაპზე, ოკეანის გადაღმა არსებული პოტენციალის მცირე ნაწილია ათვისებული.
"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდეს. გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება აუცილებელია, რათა ქართული პროდუქცია ამერიკის ბაზარზე მოხვდეს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე პოტენციალის მცირე ნაწილია ათვისებული. ახლახან გახლდით აშშ-ში და ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ვფიქრობ, მეტი ხელშეწყობა თუ იქნება, შესაძლებლობები არსებობს, თუნდაც USAID-ი, რომ საშუალო ბიზნესს დავეხმაროთ", - აცხადებს თამაზ დაუშვილი.
ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძის მომავალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაა. მომავალი პრემიერის გეგმაში, რომელშიც ახალი, ფაქტობრივად, არაფერი წერია, აღნიშნულია, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა გააქტიურდება, ამერიკული ინვესტიციების წახალისება კი გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის ამერიკის შეერთებული შტატები არ არის. იმპორტში კი ის მეორე ადგილზეა, რასაც მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განაპირობებს, რომელთა დიდი ნაწილი რეექსპორტით უზბეკეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და რუსეთში გავიტანეთ.