მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ თავის მოქალაქეებს 14 ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს - გაფრთხილება

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მყოფი ამერიკელები გააფრთხილა, ირანში ომის დაწყების გამო რეგიონი დატოვონ.

სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა მდივნის თანაშემწის მორა ნამდარის განცხადებით, ამ ქვეყნებში მყოფ ამერიკელებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია "ხელმისაწვდომი კომერციული ტრანსპორტის" გამოყენებით. გაფრთხილება ეხება შემდეგ ქვეყნებსა და ტერიტორიებს: ბაჰრეინი, ეგვიპტე, ირანი, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იემენი, ისრაელი, ასევე, დასავლეთ სანაპირო და ღაზა.

აშშ-მა მანამდე არსებული სამოგზაურო გაფრთხილებები რეგიონის რამდენიმე ქვეყნისთვის გაამკაცრა: ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი - მე-3 დონის გაფრთხილებას მიაკუთვნეს, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებმა იქ გამგზავრება უნდა "გადაიფიქრონ".

ერაყი, ირანი და ლიბანი - უმაღლესი, მე-4 დონის კატეგორიაში შეიყვანეს, რომელსაც თან ახლავს გაფრთხილება: "არ იმოგზაუროთ".

საუდის არაბეთისთვის სამოგზაურო გაფრთხილება დარჩა მეორე, ყველაზე დაბალ დონეზე (დონე 2), რაც მიუთითებს, რომ ამერიკელებმა იქ "მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ". თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა მოქალაქეები, თავი შეიკავონ ქვეყნის გარკვეულ რაიონებში მგზავრობისგან, მათ შორის საუდის არაბეთისა და იემენის საზღვრიდან 32 კილომეტრის რადიუსში.

გარდა ამისა, შაბათ-კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა მსოფლიო მასშტაბის გაფრთხილება და ამერიკელებს მოუწოდა, გლობალურად გამოიჩინონ მომატებული სიფრთხილე.

"ირანში აშშ-ის საბრძოლო ოპერაციების დაწყების შემდეგ, ამერიკელებმა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, უნდა იხელმძღვანელონ უსაფრთხოების უახლესი გაფრთხილებებით, რომლებსაც უახლოესი აშშ-ის საელჩო ან საკონსულო გასცემს. შესაძლოა შეგექმნათ შეფერხებები მგზავრობისას საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვის გამო", - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა საერთაშორისო მოგზაურს ურჩია, დარეგისტრირდნენ უფასო "ჭკვიანი მოგზაურის რეგისტრაციის პროგრამაში" (STEP), რომელიც უზრუნველყოფს სამოგზაურო შეტყობინებებს კონკრეტული ქვეყნებისთვის და ეხმარება ოფიციალურ პირებს, საგანგებო სიტუაციაში დაადგინონ ამერიკელების ადგილმდებარეობა და დაუკავშირდნენ მათ.

ომის დაწყების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აამოქმედა 24-საათიანი სამუშაო ჯგუფი და "მოახდინა პერსონალისა და რესურსების მობილიზება, რათა ამერიკის მოქალაქეებს მიაწოდონ უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ", რისი მიღებაც მოგზაურებს STEP-ზე დარეგისტრირებით შეუძლიათ.

"სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობაა", - განაცხადა რუბიომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები