მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინისთვის $8-მილიარდიან სამხედრო დახმარებას ამზადებს - Reuters

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის $8 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოცხადებას დღეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეგმავს - ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესთან "გადაუდებელ მოლაპარაკებებს" მართავს, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან $5.6 მილიარდის გამოყოფაზე დათანხმებას ცდილობს - კონგრესის დასარწმუნებლად ადმინისტრაციას ვადა 30 სექტემბრამდე, ფისკალური წლის დასრულებამდე აქვს.

გარდა ამისა, $2.4 მილიარდი "უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის" ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა - პროგრამა ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობა პირდაპირ კომპანიებისგან შეიძინოს.

წყარო ადასტურებს, რომ გამოყოფილი ფინანსები უკრაინის საბრძოლო მასალით, იარაღითა და დრონებით აღჭურვას მოხმარდება.

25 სექტემბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის $375-მილიონიანი დახმარებაც გამოყო - სამხედრო პაკეტი უკრაინაში 130 კმ-ის რადიუსზე მოქმედი ბომბის გაგზავნასაც ითვალისწინებს.

ომის დაწყებიდან 2.5 წელში კონგრესმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის ჯამში $175 მილიარდზე გასცა თანხმობა.

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ვაშინგტონში დღეს შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები