მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მხრიდან დიდი ხანია, დარღვეულია" - თამარ გუგულაშვილი

წერტილი

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ქვეყანა 2028 წლამდე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ს შეასრულებს, ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიის" ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება უკვე დარღვეული აქვს - ამის შესახებ გუგულაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა.

"ასოცირების შეთანხმება, რაც ჩვენთან არის დადებული და ჩვენი ურთიერთობების საძირკველია, საქართველოს მხრიდან უკვე დიდი ხანია დარღვეულია. ევროკავშირი უბრალოდ აგვიანებს საკითხის გადახედვას, რასაც ევროპარლამენტი მოუწოდებდა უკვე ბოლო რამდენიმე რეზოლუციის მიღებით, რომ გადახედეთ, ირღვევა თუ არა მეორე პუნქტი ასოცირების შეთანხმებისა - ეს არის პუნქტი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას და დემოკრატიულ უკუსვლას ეხება, რაც სახეზეა და დიდი ხანია დაასკვნა ევროკავშირმა.

ჩემი აზრით, არც ეს იქნება გამორიცხული, რომ დაიწყოს ევროკავშირის მხრიდან პროცესების გადახედვა, ასოცირების ხელშეკრულებასაც გადახედავენ. ნათლად არის ადამიანის უფლებების დაცვის პუნქტი ქვეყნის მიერ დარღვეული და, სწორედ ამის გამო, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციაც კი შეგვიჩერონ დროებით.

ცინიკურია ეს განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებენ, ისინი უკვე არ ასრულებენ ამ ვალდებულებებს, აქვთ პასუხისმგებლობა ევროკავშირთან, რომ საკუთარ ქვეყანაში ადამიანს უფლებებს არ დაარღვევენ და დემოკრატიას არ გააუქმებენ, რაც მთავარი პუნქტებია, მაგრამ არ ასრულებენ", - აღნიშნავს თამარ გუგულაშვილი.

თამარ გუგულაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროპის უმაღლეს ლიდერებსა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრაზე, რომელსაც ყოველწლიური ხასიათი აქვს, ბრიუსელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღარ მოიწვევს.

ქვეყნის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა მხოლოდ ფორმალური მხარეა და არა - პრაქტიკული ინსტრუმენტი. გუგულაშვილი განმარტავს, რომ გარდა ფორმალური პროცესისა, მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს იმ სექტორების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. "მწვანეთა პარტიის" ყოფილი მრჩეველი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს სწორედ ამ სტანდარტების დასანერგი დრო წაართვა.

"არ მესმის, რას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების გახსნა ფორმალურია. ყველაფერი ფორმალურად უნდა გაფორმდეს, იქნება ეს მოლაპარაკებების გახსნა თუ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. მოლაპარაკებების გახსნა ნიშნავს, რომ ხდება საქართველოში ძირეული რეფორმების გატარება და ამის მკაცრი კონტროლი ევროკომისიის დიდი გუნდებისგან: როცა ქვეყანას გარკვეულ სექტორში აქვს კომპეტენციის პრობლემები, არ ჰყავს გამართული სპეციალისტები, მაშინ იმ ქვეყანაში ტექნიკური დახმარების გუნდის გაგზავნა ხდება ევროკავშირიდან და სექტორის იმ ნორმებზე აყვანაში ეხმარებიან, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვისაა გათვალისწინებული.

ეს უმნიშვნელოვანესი და, რა თქმა უნდა, დროში გაწელილი პროცესია, როდესაც მოლაპარაკებები იხსნება და შემდეგ ხდება სექტორების მოწესრიგება, ამას სჭირდება წლები, როგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს ქვეყანა. მაშინ, როდესაც უსწრაფესი იყო შარლ მიშელის განცხადება 2023 წელს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო 2030 წლიდან ევროკავშირში უნდა შემოვიდნენ, ეს 7 წელი გვჭირდებოდა სრულად, რომ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ, გარკვეული სექტორები კონკრეტულ დონემდე მიგვეყვანა, მილიარდები წამოვიდოდა ევროკავშირიდან ამ სექტორების გარდაქმნის დასაფინანსებლად.

მაგრამ როცა ქვეყანა ამბობს, რომ 2028 წლის ჩათვლით აბსოლუტურად არაფერს გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, მარტო, იზოლაციაში, ისინი აბსოლუტურად ვერსად ვერ შევლენ ერთ და ორ წელიწადში", - ამბობს თამარ გუგულაშვილი.

28 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იღებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს ამბობს საბიუჯეტო გრანტებზე.

ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები