მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის და სამართლის სახელმძღვანელოებს“ - კობახიძე ჰერჩინსკის პასუხობს

კობახიძე და ელჩები

„ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის და სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის უმრავლესობაში ყოფნა არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას“,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

საქმე ის არის, რომ პაველ ჰერჩინსკიმ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „თუ ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელმწიფოში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ შეუძლიათ თავისუფლად მუშაობა, არ არის მედიის თავისუფლება, თითოეული ადამიანის უფლებები არ არის დაცული, მაშინ არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი“.

ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნულ განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვებასა და ერთპარტიულობას შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა.

მისივე მტკიცებით, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს არავინ ზღუდავს.

„არ მინდა სიღრმეში შევიდე. სამწუხაროდ, ეს განცხადება არ არის ობიექტური, ასე ვიტყოდი. როდესაც საუბარია ერთპარტიულობაზე, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება, ეს არ ნიშნავს ერთპარტიულობას. ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა, ეს იყო ხალხის ნება, რომ „ქართულ ოცნებას“ ემართა ეს ქვეყანა ნაცმოძრაობის თუ მისი რომელიმე დანაყოფის მონაწილეობის გარეშე. ის, რომ ერთი პარტია არის დღეს უმრავლესობაში, ეს არ ნიშნავს ერთპარტიულობას. ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ც გამოდის ხომ ერთპარტიული სახელმწიფო, სხვა კანდიდატი ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა. ეს ხომ აბსურდია. ამიტომ, მე ყველას ვურჩევ, რომ კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის სახელმძღვანელოებს, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის უმრავლესობაში ყოფნა არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას.

რაც შეეხება NGO-ების საკითხს, მოგეხსენებათ, რომ მათ არავინ არ ზღუდავს ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები