პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაობიექტურს უწოდებს ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო შეჩერდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ისაა, რომ პაველ ჰერჩინსკიმ დღეს, მედიასთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო შეჩერდა. ამასთან, მან მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რამდენადაც ქვეყნის მომავალი ქართველების ხელშია. მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალის არჩევანს პატივს სცემს და იმუშავებს დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან.
ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას კობახიძე ირწმუნება, რომ ეს პროპაგანდისტული მოწოდება და ადმინისტრაციული რესურსის ერთგვარი გამოყენებაა.
"ევროკავშირის ელჩის შეფასება არ არის ობიექტური და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. როდესაც უცხოელი დიპლომატი აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა პრემიერმა.