საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ახალგაზრდები იმსახურებენ, რომ შესაძლებლობები საქართველოში ჰქონდეთ და უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ ეძებდნენ. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“ოთხ დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა წახვიდეთ და აირჩიოთ მომავალი ხელისუფლება. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ საკუთარი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს. გასულ კვირას, თბილისის ქუჩებში მე კიდევ ერთხელ დავინახე ძალიან ბევრი ევროკავშირის დროშა. ეს ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის იყო სიამაყის, ბედნიერების დღე. ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში, ყველა იქ იყო და ვნახე ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ისინი, თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, ისინი იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. ისინი უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ უნდა ეძებდნენ, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავის ლამაზ საქართველოში.
ნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ხალხმა ხმა მისცა რეფერენდუმში, რომ შეუერთდეს ევროკავშირს, თუმცა ყველა ხმა მნიშვნელოვანი იყო. სხვაობა ნამდვილად მცირე იყო. ამიტომ გთხოვთ, წადით და ხმა მიეცით”,- თქვა ელჩმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და საქართველო ევროკავშირს შორდება. ჰერჩინსკიმ იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც ევროკავშირი წევრ ქვეყნებს სთავაზობს.
“როგორც იცით, სამწუხაროდ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების შედეგი. ეს ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ და საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, მას შორდება.
ევროკავშირი არის წარმატების დიდი ისტორია, ესაა მშვიდობის პროექტი, არის განვითარების, ღირსეული ცხოვრების გარანტია. ეს არ არის მცირე რაოდენობის მდიდრების ცხოვრება, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. ჩემი ქვეყანა [პოლონეთი] გაკოტრებული იყო, მაგრამ ახლა, ევროკავშირში გაწევრიანების წყალობით, წარმატების ისტორიაა. ყველა ქვეყანას, რომელიც თავისი ისტორიის განმავლობაში გაწევრიანდა ევროკავშირში, მიეცა შესაძლებლობა განვითარების დიდი შესაძლებლობა. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. თუმცა ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირის მხრიდან ნათლად და ხმამაღლა ითქვა, გასულ დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კარი გაგვეხსნა საქართველოსთვის, გელით, თუმცა ამ კარში თავად უნდა გაიაროთ, ამის გაკეთება თქვენთვის ან თქვენს ნაცვლად არავის შეუძლია. ეს თქვენი არჩევანია, ეს თქვენი ქვეყანაა“,- განაცხადა ელჩმა.