მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეჩერებული სხვა კანდიდატი ქვეყნების ევროინტეგრაციაა" - კობახიძე ევროპული საბჭოს შეფასებებს არაობიექტურს უწოდებს

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ტყუილია შეფასებები საქართველოში ავტორიტარიზმსა და არადემოკრატიულ მმართველობაზე. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერს ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებზე ჰკითხეს, სადაც წერია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.

საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით 10-ჯერ ვუსწრებთ. ამასთან, კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის და კვლავ გლობალური ომის პარტიის გავლენებზე საუბრობს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვა და ამისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება გლობალურ ომის პარტიას სურს, რომელიც არ არის ევროკავშირი ან ამერიკა, მაგრამ აქვს არსებითი გავლენა აშშ-ს და ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებზე.

„ამ დროს უკრაინას და მოლდოვას აქვთ დადებითი შეფასებები, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს, აღარ არსებობს არც მედია და არც პოლიტიკური პლურალიზმი, ყვავის კორუფცია, არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი, მოლდოვა რჩება დსთ-ს წევრად. აქ ხომ ობიექტურობაა მთავარი და ამას ხედავს ზუსტად საზოგადოება. ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ მოლდოვის მიმართ არ არის ის ინტერესები, რაც არის საქართველოს მიმართ. მძიმე ინტერესები იყო საქართველოში, რაც გამოიკვეთა 2022 წლის თებერვლიდან - გლობალური ომის პარტია, მისი გავლენა ევროკავშირზე, ამ ინტერესებზე გესაუბრებით.

როგორც კი დასრულდება არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება განცხადებებიც და გადაიტვირთება ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. ტყუილზე დიდხანს ვერ იქნება დაფუძნებული ეს პროცესები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაფუძნებული ძალიან მყარი მოლოდინი გვაქვს.

[საქართველოსთვის] არაფერი არ არის შეჩერებული. თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ ევროკავშირის კრიტიკულ შეფასებებზე კითხვის საპასუხოდ თქვა, საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85%, “ქართულ ოცნებას” კი 60%, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ სწორედ “ქართული ოცნება” წაიყვანს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ.

"საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85%, “ქართულ ოცნებას” 60%, რაც მიანიშნებს, რომ ოპოზიციის მესიჯი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, არის სრული სიყალბე. ამ სიყალბეს ემთხვევა ის განცხადებები, რაზეც საუბრობდით[ევროკავშირის კრიტიკული შეფასებები]",- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები