მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოცირებული ტრიოს უნიკალური ფანჯარა ყველამ გამოიყენა საქართველოს გარდა - დიპლომატი

გიგი გიგიაძე

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ, საქართველო არა მარტო ასოცირებული ტრიოს ჯგუფიდან ამოვარდა, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადმოტანა ხდება.

მისივე თქმით, სახეზე გვაქვს საქართველოში დემოკრატიის, დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების უკიდურესად გაუარესება, რის საფუძველზეც შესაძლებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს საფრთხე დაემუქროს.

„სახეზე გვაქვს საქართველოში დემოკრატიის, დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების უკიდურესად გაუარესება. ჩვენ გვაქვს სერიოზული საფრთხე, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედიასაშუალება უკიდურესად შეზღუდული იქნება, „რუსული კანონის“ ამოქმედების შედეგად. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც საქართველო არა მარტო ამოვარდა ასოცირებული ტრიოს ჯგუფიდან, არამედ ხდება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირების დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადმოტანა.

არაფერი არ მოხდებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ არ დაეწყო „რუსული კანონის“ შემოტანა, არ დაეწყო ანტიდასავლური, ისტერიული რიტორიკა და ჩვეულებრივად შეენარჩუნებინათ და გაეღრმავებინათ ისედაც არაჩვეულებრივი ურთიერთობები დასავლეთთან.

ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკისრებული 12 რეკომენდაციიდან, მხოლოდ 3 შეასრულა და ჩვენ ვიცით, ხარისხობრივად თუ რა შესრულებაზეა საუბარი, ევროკავშირმა ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მაინც მიანიჭა.

ანუ, ეს უნიკალური ფანჯარა, რომელიც საქართველოსთვის იყო გახსნილი, ასევე უკრაინისა და მოლდოვასთვისაც, ყველამ გამოიყენა, გარდა საქართველოსი. საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა შესაძლებლობა, რომ ახლა ჩვენ ვყოფილიყავით მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად და გვქონოდა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე დღეში, 25 ივნისს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებები გვეწარმოებინა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“,- განმარტავს ყოფილი ელჩი დანიაში.

გიგიაძის ცნობით, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშეა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზა ლიბერალიზაცია დაკარგოს. ამისთვის მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო 27 ქვეყნიდან. ევრო კომისიის უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილება კი დაახლოებით ერთ კვირაში გაცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები