დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca 270 მლნ დოლარის (200 მლნ ფუნტი) ღირებულების დაგეგმილ ინვესტიციას აჩერებს. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ეს თანხა კემბრიჯში კვლევების გაფართოებაზე უნდა დახარჯულიყო, რასაც ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვებოდა.
„მუდმივად ვაფასებთ ჩვენი კომპანიის საინვესტიციო საჭიროებებს და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კემბრიჯში ჩვენი გაფართოება შეჩერებულია. ამ საკითხზე სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია“, - უთხრა Reuters-ს კომპანიის წარმომადგენელმა.
როგორც გამოცემა წერს, მანამდე 2025 წლის იანვარში, AstraZeneca-მ ინგლისის ჩრდილოეთში ვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე თქვა უარი, რაზეც ჯამში 450 მლნ ფუნტი უნდა დახარჯულიყო, მიზეზად კომპანიამ ლეიბორისტების მთავრობის მხრიდან დახმარების შემცირება დაასახელა. დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, კომპანიას გაფართოების გეგმები აქვს აშშ-ში, 2025 წლის ივლისში AstraZeneca-მ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის აშშ-ში კვლევებისა და წარმოების გაფართოებაზე 50 მილიარდ დოლარს დახარჯავს.




























