„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ, „ანალიტიკას“ ეთერში 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, საჩივრის დაწერის რამდენიმე მიზეზი არსებობდა და მათ შორის იყო ფარულობის დაცვის პრობლემა.
„ჯამში ათასობით სარჩელი წარვადგინეთ. ჩვენი იყო 250-მდე უბნის ბათილობის მოთხოვნა. 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები დავწერეთ კენჭისყრის შედეგების ბათილობაზე, რომელიც უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს:
ბიულეტენი არ უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას; სხვის ნაცვლად ხდებოდა ხმის მიცემა; სხვისი პირადობის მოწმობით; ზეწოლა იყო დამკვირვებლებზე და პროცესის დაკვირვების საშუალება არ გვეძლეოდა; უბნებიდან ჩვენ დამკვირვებლებს აგდებდნენ; გარე პერიმეტრზე მოსყიდვა ხდებოდა; მასიურად მარკირების პროცედურის არ გაკეთებაზე, არ შემოწმებაზე და ა.შ. ამ დარღვევების ერთობლიობაზე გვაქვს დაწერილი სარჩელი. საჩივრები დავწერეთ იმ უბნების ბათილობაზე, სადაც ასეთი საკითხები ხდებოდა განმეორებით.
73-მა საარჩევნო კომისიამ განიხილა ეს საჩივრები და არცერთმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ რაღაც შესამოწმებელია, ხომ არ გადავამოწმოთ, გავხსნათ უბნის შედეგები - ვნახოთ მართლა ირღვეოდა თუ არა ფარულობა.
ამის შემდეგ წავიდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში დავები და ერთადერთი იყო თეთრიწყაროს მოსამართლე ხუჭუა, რომელმაც კითხვა დასვა, რომ მოდი ჩვენი თვალით ვნახოთ, მოიტანეთ ეს მასალები და მე თვითონ მივცემ ხმას იმავე მარკერით იმავე ბიულეტენზე და ვნახავ ირღვეოდა თუ არა ხმის ფარულობა“, - განაცხადა მან.
ნინო ლომჯარიამ ასევე განმარტა, რომ იმისთვის რომ არჩევნებს დაერქვას არჩევნები, რამდენიმე კომპონენტი უნდა იყოს დაცული. "უნდა იყოს დაცული, ხმის ფარულობა, თანაბარი ხმის წონა უნდა გქონდეს და ხმის მიცემის თავისუფალი ნება უნდა იყოს გამოვლენილი. თუ ერთ-ერთი ამ ძირითადი ღერძიდან მოშლილია, ამას უკვე არჩევნები აღარ ჰქვია. ჩვენ შემთხვევაში ეს სამი ძირითადი პრინციპი ირღვეოდა", - განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ.