მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოს" ბიზნეს უნივერსალის პროგრამა გაფართოვდა - ვის შეუძლია დაფინანსების მიღება?

ბიზნესი

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა გაფართოვდა.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით არის განსაზღვრული და მის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვრიდან განახლდა.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, "ბიზნეს უნივერსალის" პროგრამა აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების ხელშეწყობის მიმართულებით გაფართოვდა. ასევე შინაური ცხოველების საკვების წარმოების და ცენტრალური გათბობის ქვაბების წარმოების თანადაფინანსების მიმართულებებითაც.

კონკრეტულად, რა ცვლილებები განხორციელდა "ბიზნეს უნივერსალის" პროგრამაში:

• დაემატა აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება - პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა მეწარმეს, გარდა მათი, ვინც თბილისისა და ბათუმში ცხოვრობს.

აგროტურისტული ინდუსტრია არის ფერმერული მეურნეობა, რომელიც ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: განთავსება, კვებით მომსახურება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული და სხვა აქტივობა.

- პროგრამით სარგებლობისთვის კი პირი საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს ფერმერულ მეურნეობას;

- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად;

- რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში;

• ეკოტურისტული ინდუსტრია − დაფინანსების მისაღებად პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ: რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე);

- შენობა-ნაგებობა, რომელიც არის რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტიკური არქიტექტურის და განკუთვნილია განთავსების ობიექტად განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, ერთდროულად (დროის ერთ მონაკვეთში) მინიმუმ 8 სტუმრის გამასპინძლების შესაძლებლობით, მაქსიმუმ 10 სანომრე ფონდით;

− ტრადიციული რეწვის სახელოსნო საჩვენებელი, ტურისტული შეთავაზებით არსებული, მოქმედი სახელოსნო საქმიანობისთვის გამორჩეული სახასიათო ელემენტებით, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 10 ადამიანზე გათვლილი საჩვენებელი სივრცე და ასევე არანაკლებ 5 ადამიანზე გათვლილი მასტერკლასის ჩატარების შესაძლებლობა;

− გაქირავების სერვისი − (მათ შორის, არამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალებები); აღნიშნული მოიცავს ველოსიპედის, ცხენის, საწყალოსნო არამოტორიზებული ტრანსპორტის ნაირსახეობების, სეზონური ჩასაბმელი საშუალებებისა (მაგ.: მარხილი, ეტლი და ა. შ.) და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების ან/და სხვა აღჭურვილობის/ინვენტარის გაქირავებას, რომელიც გამოიყენება ბუნებაში გადაადგილებისას და ბუნების აღქმისა და დაკვირვებისათვის;

• პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ახალი ობიექტი დასახელებით - „მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“;

• „დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. სუბიექტი საქმიანობას არ უნდა ახორციელებდეს ბათუმში ან თბილისში.

• საგრანტო კომპონენტს დაემატა შემდეგი საქმიანობა - „ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.

აქვე აღსანიშნავია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში გაჩნდა ჩანაწერი მიკრობანკების შესახებ. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიკრობანკი პროგრამაში მხოლოდ თანადაფინანსების მიმართულებით მონაწილეობს.

რას მოიცავს ბიზნეს უნივერსალის პროგრამა?

პროგრამაში მონაწილე ინდუსტრიები:

- ინდუსტრიული
- სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები
- ტურისტული სერვისები
- აგრო ტურისტული ინდუსტრია
- ეკო ტურისტული ინდუსტრია

პროგრამაში მონაწილეობის პირობები:

* კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში:

- სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% და ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
- სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
- სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
- სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
- სესხის/ლიზინგის საგნის სრული ათვისება უნდა მოხდეს სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში

- პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შეძენა.

bm.ge-იმ პროგრამის დეტალებზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები