ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა გაფართოვდა. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით არის განსაზღვრული და მის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვრიდან განახლდა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, "ბიზნეს უნივერსალის" პროგრამა აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების ხელშეწყობის მიმართულებით გაფართოვდა. ასევე შინაური ცხოველების საკვების წარმოების და ცენტრალური გათბობის ქვაბების წარმოების თანადაფინანსების მიმართულებებითაც.
კონკრეტულად, რა ცვლილებები განხორციელდა "ბიზნეს უნივერსალის" პროგრამაში:
• აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება - საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ.ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;
• პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ახალი ობიექტის კოდი დასახელებით - „C 10.92.0 მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“;
• „55.20.0 - დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;
• საგრანტო კომპონენტს დაემატა შემდეგი საქმიანობა - „C 25.21.0 ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.
bm.ge სააგენტოსგან დაინტერესდა, თუ რამდენი იყო და რა ოდენობით გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რა გახდა კომპონენტების დამატების მიზეზი და ა.შ. სააგენტოსგან პასუხად მივიღეთ პრესრელიზი ინფორმაციით, რომელიც უკვე საჯარო იყო და ინფორმაცია პროგრამის ბიუჯეტის შესახებ:
„რაც შეეხება ბიუჯეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში არ დამატებულა ახალი კომპონენტები, მოხდა მხოლოდ არსებულ პრიორიტეტულ საქმიანობებში ახალი ეკონომიკური საქმიანობების დამატება და ზოგიერთი საქმიანობის განმარტებითი ნაწილის მოდიფიცირება, აღნიშნულს არ გამოუწვევია პროგრამის საერთო ბიუჯეტის ცვლილება. პროგრამის ბიუჯეტის პროგნოზი 2024 წელს 30 000 000 ლარამდე იქნება“, - ნათქვამია bm.ge-ისთვის გაგზავნილ პასუხში.
ინფორმაციისთვის, წელს „აწარმოე საქართველოს“ ბიუჯეტი 300 მილიონი ლარია.
"აწარმოე საქართველოს" ბიზნეს უნივერსალის პროგრამა გაფართოვდა - ვის შეუძლია დაფინანსების მიღება?