მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა იმისთვის, რომ შენარჩუნებულ იქნას სტაბილურობა - ირაკლი ბურდილაძე

5ecf916fc8e5a
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.20 14:34
2085
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სექტორის სტაბილურობას, - ასე შეაფასა „საქმის კურსთან“ საუბარში "საქართველოს უძრავი ქონების" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორი მხარდაჭერის პაკეტი.

მისი თქმით, ის გათვლილია როგორც მიწოდების, ასევე მოხმარების მხარის სტიმულირებაზე. 

„ჩემი აზრით, პროგრამა არის საკმაოდ დახვეწილი, ყოვლისმომცველი. ერთის მხრივ ასტიმულირებს მოთხოვნის მხარეს და მეორე მხრივ ასტიმულირებს მიწოდების მხარეს. მოთხოვნის მხარეს თუ განვიხილავთ, საუბარი არის 200 000 ლარიან სესხზე 4%-ის სუბსიდირებაზე, პლიუს სახელმწიფო 20%-იან გარანტიას დებს ამ სესხებზე, რაც იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობას გაზრდის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ. 

კითხვაზე, გაზრდის თუ მხარდაჭერის პაკეტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხების სუბსიდირება ჭარბვალიანობას, საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ჭარბვალიანობის პოლიტიკის გათვალისწინებით, რის გამოც შეიცვალა სებ-ის რეგულაციები და რის გამოც უძრავი ქონების კომპანიებს შეექმნათ პრობლემები, ირაკლი ბურდილაძე პასუხობს, რომ ეს ჭარბვალიანობის მაჩვენებელზე გავლებას ვერ იქონიებს. 

„მოდით შევხედოთ ვალის ტიპს. თუ ავიღებთ იპოთეკურ დაკრედიტებას, საქართველოში იპოთეკური დაკრედიტება მშპ-თან მიმათებაში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, შესაბამისად ამ მიმართულებით დამატებითი იპოთეკური სესხების გაცემა რომც მოხდეს, ეს ჭარბვალიანობას ვერ გაზრდის, იმიტომ, რომ იპოთეკური სესხების ნაწილში საქართველო გაცილებით უფრო ჩამორჩება თავის მსგავს ქვეყნებს. 

ჩემი აზრით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სექტორის სტაბილურობას. როდესაც ასეთი მასშტაბის კრიზისი ხდება, ეს ისტორიას არ ახსოვს. მე მგონი, აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა იმისთვის, რომ არ მოხდეს რყევები და შენარჩუნებულ იქნას სტაბილურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი, რაც ამავე დროს დაკარგული გადასახადებია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, შესაბამისად აქ სწორად უნდა შეფასდეს ხარჯი და ის ბენეფიტები, რომელსაც ქვეყანა მიიღებს აღნიშნული პროგრამით“, - განმარტა "საქართველოს უძრავი ქონების" გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები