საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში DRG სისტემაზე გადასვლას გეგმავს. ამ ცვლილების გადადგმისკენ სახელმწიფოს ჯანდაცვის სექტორი მოუწოდებს. რამდენიმე დღის წინ 100-მა კლინიკამ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით მიმართა და სამინისტრო კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ გააფრთხილა. კლინიკების განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში განსაზღვრული ტარიფები მათ თვითღირებულებას ვეღარ ფარავს, ამიტომაც საჭიროა ტარიფების გადახედვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო გეგმავს DRG სისტემის ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების შემოღებას.
ჰოსპიტლების სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ჯანდაცვის ექსპერტებმა ისაუბრეს. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, საქართველოში საუბარია სკანდინავიური DRG სისტემის გადმოღებაზე, რა პროცესშიც ბალტიელი ექსპერტები არიან ჩართული. ამასთანავე, ზოიძე განმარტავს, რომ აუცილებელია გამჭვირვალედ მოხდეს ახალი ტარიფების განსაზღვრა, რასაც გადახდის მოდელი უნდა დაეფუძნოს.
“რაც ჩვენი რეფორმები მახსოვს, მე მგონი, სულ DRG შემოგვაქვს და ვერ შემოვიტანეთ. ადრე თუ გვიან უნდა დავნერგოთ და სულ მესმის განცხადებები, რომ ამას სჭირდება რამდენიმე წელი, სტატისტიკა დავაგროვოთ, შევხედოთ და მერე დავიწყოთ რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ თუ რაღაც მომენტში არ დაიწყე, ვერ დაამთავრებ. გზაზე თუ არ შედექი, სადღაც ვერ გადაადგილდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ პრინციპებზე აეწყოს ის საბაზისო ღირებულება, რომლითაც განისაზღვრება ერთეულის ფასი. აუცილებელია ფასი იყოს სამართლიანი, როგორც გადამხდელის, ასევე მიმწოდებლისთვის. ძირითადი საკითხი არის სწორედ ამაზე შეთანხმება.
DRG-ის მთელი პრინციპია ჯგუფების დაჯგუფება რესურს-ტევადობის მიხედვით ანუ რა დონის რესურსი იხარჯება ამა თუ იმ ჩარევის დროს. შეიძლება კარდიო-ქირურგიული ოპერაცია გაუტოლდეს უროლოგიურ ოპერაციას, რადგან იგივე რესურსები შეიძლება დაიხარჯოს. აქვე მნიშვნელოვანია თვითონ საავადმყოფოს რესურსები განისაზღვროს, შესწორების კოეფიციენტი როგორი იქნება, აკადემიური საქმიანობისთვისაც დაემატება თუ არა.
DRG ავტომატურად მაღალ ხარისხს არ ნიშნავს, აქ შესაბამისი ბერკეტები უნდა გქონდეს ჩადებული.
შვეიცარიაში, მაგალითად, არის DRG-ის ოფისი, რომელსაც აფინანსებს სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები. ყველა დელეგირებას უკეთებს და ენდობა.
ერთი ქულა რამდენი ცენტი თუ ლარი უნდა იყოს, ეს არის აქ მოლაპარაკების თემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ჰქონდეს სანდოობა.
ჩვენი ბალტიელი კოლეგები გვეხმარებიან, საუბარია ნორდიკული DRG-ის პრინციპების დანერგვაზე,” - განაცხადა აკაკი ზოიძემ.




























