საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2023 წელსაც ბიუჯეტის გადახარჯვით ოპერირებდა - ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს პროგრამაზე 1.06 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო.
2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 1.03 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული, რაც 2023 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე 27 მილიონი ლარით ნაკლებია.
2023 წელს გაზრდილ ბიუჯეტს ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე DRG-ის ამოქმედებას და თანაგადახდის მექანიზმის გაუქმებას უკავშირებს. როგორც ის ამბობს, ამ მიმართულებით დამატებითი თანხების საჭიროება რომ დადგებოდა განჭვრეტადი იყო და მთავრობას ეს წესით ბიუჯეტის ფორმირებისას უნდა გაეთვალა. ჯანდაცვის ექსპერტი იმედოვნებს, რომ 2024 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინება მოხდა.
“კონკრეტულად 2023 წელს გადახარჯვის ძირითადი მიზეზი სწორედ ის იყო რომ მოხდა DRG-ის შემოტანა და თანაგადახდის პრაქტიკულად გაუქმება. იმის მოლოდინი არსებობდა რომ გადაფარავდა DRG-ის მექანიზმი, უფრო მომჭირნედ დაიხარჯებოდა თანხა და DRG-ის ფარგლებში ნულოვანი ეფექტი დაჯდებოდა, მაგრამ ნულოვანი არ დაჯდა, დაჯდა 84 მილიონი - დაახლოებით იგივეა, რაც DRG-ის საბაზისო ტარიფი, თუ გავითვალისწინებთ, რომ 716 000 ადამიანს მოემსახურა და ერთ პაციენტზე მომსახურება 1490 ლარი იყო.
თუმცა აქ შედის ამბულატორიული მომსახურებაც, რომელიც DRG-ით არ გადაიხდება. მაგრამ რეალურად რომ ავიღოთ საერთო ბალანსი ასეთი თანხა გამოვიდა. მეტ-ნაკლებად განჭვრეტადი იყო, ეს თანხა რომ დაჯდებოდა. კარგი იქნება თუ ეს 2024 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, თუნდაც პირველი სამი თვის თავზე”, - ამბობს აკაკი ზოიძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე არაერთი წელია ცდილობს პროგრამის ხარჯები უფრო განჭვრეტადი გახადოს, თუმცა ამის მიუხედავად ის შექმნის წლიდანვე (2013) ყოველწლიურად გადახარჯვით სრულდება. 2023 წელს ეს 82 მილიონი ლარის გადახარჯვა იყო, 2022-ში 86 მილიონის, 2021-ში 0.3 მლნ-ის, 2020 წელს 162 მლნ-ის, 2019 წელს კი პროგრამის ბიუჯეტსა და ფაქტობრივ ხარჯვას შორის აცდენა 72 მილიონი ლარი იყო.