მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტული ფასის დაწესების გამო დეფიციტის შექმნის რისკი მომავალშიც არსებობს იმ წამლებზე, რომელსაც სახელმწიფო არ ასუბსიდირებს - ზოიძე

64baa67c724d5
ელენე გოგბერაშვილი
21.07.23 20:00
808
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, დიდ ფარმაცევტულ ქსელებს მორიგ არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ადანაშაულებს. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია. მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია საწყობებში არსებულ ნაშთებს არ დაემთხვა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათი წევრი კომპანიების მისამართით გამოთქმული ბრალდებები სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ არის მიმართული.

ის, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება ბაზარზე დეფიციტს შექმნიდა, ამაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ. როგორც აკაკი ზოიძე განმარტავს, დეფიციტის შექმნის რისკი რეალურია იმ მედიკამენტებზე, რომელზეც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა არ ვრცელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მისთვის გაუგებარია, რატომ აწყობდა ფარმაბიზნესს ხელოვნურად შეექმნა დეფიციტი იმ წამალზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.


„ გაუგებარია, რატომ უნდა შექმნილიყო ამ კონკრეტულ მედიკამენტზე დეფიციტი. ეს იგივე მედიკამენტია, რომელიც ქრონიკული პაციენტების მედიკამენტოზური უზრუნველყოფის პროგრამაში სახელმწიფოს მიერ არის სუბსიდირებული. სწორედ ეს იყო ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 1,2 თუ 3 წელიწადი რეფერენტული ფასთწარმოქმნა დაწესებული ყოფილიყო მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს და რომელიც რეალური კატასტროფული დანახარჯების წყაროა ამ კატეგორიის პაციენტებისთვის და მათი ოჯახისთვის. მედიკამენტი დეპაკინი სწორედ ამ კატეგორიაში შედის, რომელიც სუბსიდირებულია და ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია, მილიონამდე ადამიანისთვის თუ სუბსიდირებულია და გარანტირებული გაყიდვის მოცულობა არსებობს, რატომ უნდა მომხდარიყო ხელოვნური დეფიციტის შექმნა. აბსოლუტურად გაურკვეველია“,-აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, მედიკამენტების დეიფიციტის ხელოვნურად შეიქმნა/არ შეიქმნა მომავალშიც იქნება თემა, თუმცა ელოდება, რომ ეს შეეხება მხოლოდ იმ წამლებს, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

„რეფერენტული წამლების ჩამონათვალის გაფართოების შემთხვევაში ველოდები, რომ შეიძლება იყოს დეფიციტის რისკი იმ მედიკამენტებზე, რომელიც სუბსიდირებული არ არის ქრონიკული პაციენტებისთვის და მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის.

"არის ქვეყნები, სადაც ყველა მედიკამენტებზე არის რეფერენტული ფასები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვანია იყოს იმ წამლებზე, რომელიც არის ქრონიკული უზრუნველყოფის და ესენციალური, რომელსაც ხშირად იყენებენ ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადების მკურნალობისთვის. ეს ჩამონათვალი შესაძლებელია განსაზღვრო და არსებულ 1600-მდე მედიკამენტს [რომელსაც ეხება რეფერენტული ფასთწარმოქმნა] დაამატო 300-400 მედიკამენტი, მაგრამ მე შეშფოთებული ვარ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს დეფიციტი იმ შემთხვევაში, თუ ეს გავრცელდება ყველა მედიკამენტზე, რომელთან ნაწილიცა არაესენციალური მედიკამენტები და საერთოდ არ სჭირდება, მე თუ მკითხავთ, ადამიანებს და მხოლოდ არაეთიკური მარკეტინგის შედეგად ხდება მათი მოხმარება.

თუ მაინცდამაინც გადაწყვეტენ ამას, რაც რამდენიმე ქვეყანაში ყველა მედიკამენტზე ხდება, ეს უნდა მოხდეს შედარებით დროში განგრძობით. რომ დაემატება ნუსხას, მერე უნდა მოხდეს ანალიზი, ბაზარზე დაკვირვება, რამდენად ბარიერები არ არსებობს ამ მედიკამენტის შემოტანასთან მიმართებაში, რამდენად შესაძლებელია იგივე პარალელური იმპორტით ან აღიარებითი რეჟიმით იქნას შემოტანილი თუ ვიღაცას გაუჩნდება სურვილი, რომ ხელოვნური დეფიციტი შექმნას. ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი ამ მიმართულებით. ან საერთოდ არ უნდა შემოვიტანოთ ან გავაფართოვოთ გარკვეულ ნაწილზე, ყველა მედიკამენტზე არა, რადგან ეს შექმნის პოტენციურად ხელოვნურ დეფიციტს.

ის ამოცანა, რომ შევამციროთ ადამიანის დანახარჯები წამლებზე იმ გზით კი არ უნდა გადავჭრათ, რომ წამალი გავაქროთ, არამედ რეალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი წამალი უნდა არსებობდეს ნაკლებ ფასში. მეტ ყურადღებას გავამახვილებდი ელექტრინულ რეცეპტებზე. კონტროლი, გამჭვირვალობის შეტანა ამ პროცესში, დანახვა ვინ რამდენს წამალს წერს, რომ რაციონალური მოხმარება იყოს მედიკამენტების - ეს იქნებოდა ჩემთვის პრიორიტეტული, დანახარჯების შემცირების კუთხით რომ შევამციროთ ზედმეტი წამლების მოხმარება, ვიდრე ის, რომ ფასი დააკლო, რომელმაც შეიძლება არასუბსიდირებული მედიკამენტების არარსებობა გამოიწვიოს ბაზარზე“,-აცხადებს აკაკი ზოიძე.

მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მისი რეალიზაცია აიკრძალა.

ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები