მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მაჩვენებელი ₾24.5 მლნ იყო - გაბიტაშვილმა აუდიტის სამსახურის ანგარიში წარადგინა

გიორგი გაბიტაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა: ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების შედეგები, სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობა, საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართულობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს სამსახურმა 58 აუდიტი ჩაატარა, მათ შორის, 13 – ფინანსური, 25 – შესაბამისობის, 4 – უწყებათაშორისი შესაბამისობის და 16 ეფექტიანობის აუდიტი. გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ჩატარებული აუდიტებით დაიფარა ნაერთი ბიუჯეტის 91%, ანუ 23 მლრდ ლარზე მეტი.

„2024 წელს 24.5 მილიონი ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიკური ან/და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე, შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, 2024 წელს, საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის 14 აუდიტის ანგარიში გადაეგზავნა, მათ შორის, 12 შემთხვევა თვითმმართველ მუნიციპალიტეტებს უკავშირდებოდა.

ანგარიშის თანახმად: ჩატარებული 13 ფინანსური აუდიტიდან პირობითი მოსაზრება გაიცა 8 შემთხვევაში, ხოლო მოსაზრებების 31% (4 მოსაზრება) იყო უარყოფითი; ეფექტიანობის აუდიტების წილმა მთლიან აუდიტორულ საქმიანობაში 28% შეადგინა; სამსახურის მიერ ჩატარებული 4 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში (3 ცენტრალური ხელისუფლების და ერთი – მუნიციპალურ დონზე) თემატურად დაიფარა 40-ზე მეტი საჯარო უწყება, მათ შორის, 15 მუნიციპალიტეტი; 2024 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული 2 პროექტის აუდიტი.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებითვე, ბოლო 5 წელში აუდიტის სამსახურმა 3000-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 20% ეკუთვნის 2024 წელს ჩატარებულ აუდიტებს. მისივე თქმით, რეკომენდაციების 74% სრულად ან ნაწილობრივად არის შესრულებული, 18% - მიმდინარეა, ხოლო 8% არის შეუსრულებელი.

დოკუმენტის თანახმად, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში ჩართულია 13 სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, 58 მუნიციპალიტეტი და ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. სისტემის საშუალებით მონიტორინგი ხორციელდება 2021-2025 წლებში გაცემულ 1,700ზე მეტ რეკომენდაციაზე.

დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ „შპს „ენგურჰესის“ 2022-2023 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიშისა“ და „სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის“ რეკომენდაციები დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები