სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთო სასამართლოების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო სისტემაში ავტოპარკის მართვის მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. კერძოდ კი არ არის დარეგულირებული თუ რამდენიმ ავტომანქანა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა სასამართლოს. აუდიტის შეფასებით ასევე დაუსაბუთებლად არის განაწილებული საწვავის ლიმიტები, ხოლო შვებულების პერიოდში კი მოსამართლეების, ასევე სასამართლოს სხვა თანამშრომელთა მიერ ათასობით ლარის საწვავის გამოყენება დაუსაბუთებლად ხდება.
2018 წლის მდგომარეობით, სასამართლოების ბალანსზე 106 ავტომობილი არის რეგისტრირებული. აქედან განპიროვნებული ფუნქციის მქონეა 52, დანარჩენი კი ძირითადად საკურიერო ფუნქციის მატარებელია. 2017-2018 წლების განმავლობაში ავტოპარკის შენახვაზე 2,316,914 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1,527,684 ლარი საწვავის ხარჯი იყო.
აუდიტის სამსახურის მიგნებით, საწვავი იხარჯებოდა მაშინაც, როდესაც პირი, რომელზეც ის იყო განპიროვნებული შვებულებაში იმყოფებოდა. საუბარია 7,234 ლიტრზე, ანუ 14,634 ლარის ღირებულების საწვავზე. საერთო სასამართლოს დეპარტამენტების, მოსამართლეებისა და სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ შვებულების დროს გამოყენებული საწვავის ჯამური ოდენობა 18,846 ლიტრს, ანუ 37,956 ლარს შეადგენს.
“საერთო სასამართლოების სისტემაში თანამშრომლების მიერ შვებულება- მივლინების პერიოდში არ ხორციელდება ავტომანქანების გადაცემა დეპარტამენტისთვის და არ ფორმდება რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი,”- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
ხარვეზები საერთო სასამართლოების ავტოპარკის მართვაში:
"საერთო სასამართლოების სისტემაში სამსახურებრივი ავტომობილების განკარგვა რეგულირდება საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილებით სამსახურებრივი ავტომანქანების განკარგვა ხასიათდება შემდეგი დარღვევა- ნაკლოვანებებით: საბჭოს გადაწყვეტილებით, განსაზღვრულია მხოლოდ განპიროვნებული ფუნქციის მქონე ავტომანქანების რაოდენობა მოსარგებლე თანამდებობის პირების მიხედვით, ხოლო სხვა დანიშნულების (საკურიერი) ავტომანქანების რაოდენობა სასამართლოების მიხედვით დარეგულირებული არ არის. კერძოდ, არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ რამდენი ავტომანქანა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა სასამართლოს; საბჭოს გადაწყვეტილებით, განსაზღვრულია განპიროვნებული ფუნქციის მქონე ავტომანქანებით სარგებლობის მქონე პირთა ნუსხა როგორც საბჭოში, ასევე საერთო სასამართლოების სისტემაში, თუმცა არ არის გამიჯნული რომელი თანამდებობის პირების ავტომანქანებით უზრუნველყოფა ევალება დეპარტამენტს და რომელი − საბჭოს; საბჭოს გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებს ავტომანქანები ეკუთვნით საჭიროების შემთხვევაში. დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები დასაბუთების გარეშე სარგებლობენ განპიროვნებული ფუნქციის მქონე ავტომობილებით, რაც ეწინააღმდეგება საბჭოს გადაწყვეტილებას."
დაუსაბუთებლად განსაზღვრული საწვავის ლიმიტები:
"საერთო სასამართლოების სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ლიმიტები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლოებისათვის დამტკიცებული ყოველთვიური ჯამური ლიმიტის ფარგლებში. აუდიტის შედეგად გამოვლინდა საწვავის ლიმიტის განსაზღვრის ნაკლოვანებები: საუკეთესო პრაქტიკით, საწვავის ლიმიტის განსაზღვრა კონკრეტულ ავტომობილზე უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ: საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თვის განმავლობაში გასავლელ მანძილს და ავტომანქანის საწვავის ხარჯვის ნორმას 100 კმ გარბენზე. სასამართლოებში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ლიმიტს აწესებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, თუმცა 2017-2018 წლებში, გარკვეულ შემთხვევებში, ლიმიტი განისაზღვრებოდა საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში მითითებული იყო საწვავის ლიმიტის კონკრეტული რაოდენობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში − „ემოქმედათ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში“. თუმცა, ვერ დგინდება რა კრიტერიუმებით განისაზღვრებოდა საწვავის ლიმიტი. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ორ მოსამართლეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევს თბილისიდან მცხეთაში და პირიქით, თუმცა დაწესებული აქვთ განსხვავებული ლიმიტები; შესაბამისად, დეპარტამენტში არ არის შემუშავებული თითოეულ ავტომანქანაზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის კრიტერიუმები."