სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა საკუთარი დასკვნა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ნაწილობრივ ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის მიერ პირველი წარდგენის ბიუჯეტზე გაცემულ რეკომენდაციებს, რომლებიც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის გაუმჯობესებას ეხება, თუმცა პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება.
პროგრამულ ბიუჯეტში ნათლად უნდა იყოს განმარტებული თუ რატომ ახორციელებს სახელმწიფო კონკრეტულ პროგრამას, რომელი უწყება/უწყებები არის მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ასევე რა შედეგების მიღწევა არის მოსალოდნელი. თუკი კონკრეტული პროგრამა ქვეპროგრამებისგან შედგება, ბიუჯეტში შესაბამისი ინფორმაციაც უნდა იყოს მოცემული.
"საყურადღებოა, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანართში არ განხორციელებულა იმ პროგრამების/ქვეპროგრამების შუალედური შედეგებისა და ინდიკატორების მიზნობრივი მაჩვენებლების კორექტირება, რომელთაც კანონპროექტის გადამუშავებული ვერსიით შეეცვალათ დაფინანსება.
გარდა ამისა, პროგრამული ბიუჯეტის დანართის ანალიზისას გამოვლინდა პროგრამების შემუშავების პროცესში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, კერძოდ:
- პროგრამების ნაწილი არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად. ამასთან, მსგავსი პროგრამების გარკვეულ ნაწილში ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული მიმდინარე და მომდევნო წლების მიზნობრივი მაჩვენებლები, რაც ხელს უშლის ამ პროგრამების შუალედურ და საბოლოო შედეგებს შორის ურთიერთკავშირის დადგენას. აღნიშნული საკითხი ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს მიღწეული შედეგების შედარებას მიზნობრივ მაჩვენებლებთან;
- პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მისაღწევი მიზანი, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს აღნიშნული პროგრამის/ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;
- პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების ნაწილში არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, მოყვანილი მონაცემები არარეალისტურია ან არ შეესაბამება მიზნობრივ მაჩვენებელს.
პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ფორმალურად განისაზღვროს ქვეყანაში პროგრამული ბიუჯეტირების განვითარების სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით", - წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.