მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტს მთავრობის მიერ 600 მლნ-ის სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსებაზე კითხვები აქვს

5eea12f8976f5
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.20 17:02
823
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო მოცულობის საგარეო და საშინაო ვალების აღებას გეგმავს. ჯამურად, ახალი ვალის მოცულობა 8.05 მილიარდი ლარით იზრდება, საიდანაც 1.85 მილიარდი ლარი საშინაო, 6.2 მილიარდი კი, საგარეო ვალდებულება იქნება. შედეგად, ვალის მოცულობა მშპ-ის 55.7%-ს მიაღწევს.

მართალია, ახალი ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი COVID-19-ის გამო შექმნილი გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად მიიმართება, თუმცა, შიდა ვალის 600 მილიონი ლარით ზრდის მიზნობრიობა განსხვავებულია. ამ თანხას მთავრობა არ დახარჯავს და მას კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსებს.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ ანალოგიური პროგრამა მთავრობამ 2014-2015 წლებშიც განახორციელა, თუმცა მისი შედეგად დამდგარი ეკონომიკური შედეგის ანალიზის წარდგენა არ მომხდარა.

"საშინაო ვალდებულებები იზრდება 650 მლნ ლარით და 1,850 მლნ ლარს უტოლდება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საშინაო ვალდებულებების ზრდა დაკავშირებულია კომერციული ბანკებისთვის გრძელვადიანი ლარის მიწოდების ინსტრუმენტის ამოქმედებასთან. აღნიშნული გულისხმობს 2018 წლის 17 იანვარს გამოშვებული 10-წლიანი ვადიანობის მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დამატებით ემისიას, არაუმეტეს 600 მლნ ლარის მოცულობით. ემისიის შედეგად მიღებულ თანხას კი, სახელმწიფო სრულად განათავსებს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში.

საყურადღებოა, რომ მსგავსი ინსტრუმენტი პირველად გამოყენებულ იქნა 2014-2015 წლებში. მიზანშეწონილია, კანონპროექტში წარმოდგენილი იყოს როგორც წინა წლებში ამ ინსტრუმენტის გამოყენებით მიღებული სარგებლის შეფასება და დამდგარი ეკონომიკური ეფექტი, ასევე დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი აღნიშნული ინსტრუმენტის მახასიათებლებისა და მათი ეკონომიკურ გარემოზე მოსალოდნელი გავლენის შესახებ," - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც აუდიტის სამსახურს აქვს შენიშვნა ვალის რეკორდული ზრდის ფონზე ვალის მდგრადობის ანალიზის საკითხია. ორგანიზაციის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ვალი მშპ-ის 55.7%-მდე იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ვალის მდგრადობის ანალიზი წარადგინოს.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია:

"თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, ვალის მოცულობა საგრძნობლად იზრდება და უახლოვდება კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, ასევე, ირღვევა ბიუჯეტის ბალანსის წესი (ბიუჯეტის დეფიციტი), ხოლო ეკონომიკური გარემო ნაკლებად პროგნოზირებადია, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი იყოს განახლებული „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი“ (DSA), რომელიც სხვადასხვა რისკფაქტორის გამოყენებით შეაფასებს მთავრობის შესაძლებლობას მოემსახუროს დაკისრებულვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

არსებული ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე გაზრდილი ფისკალური რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, განახლდეს „ფისკალური რისკების ანალიზის“დოკუმენტი. პოტენციური ფისკალური რისკების იდენტიფიცირება და მათგან მოსალოდნელი ეფექტის შეფასება, ხელს შეუწყობს სწორი პოლიტიკის დაგეგმვას ეკონომიკაზე რისკების ზემოქმედების შესამცირებლად," - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები