მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუქციონის ბაზრის ორი უმსხვილესი მოთამაშე - რა შედეგებით დაასრულა Christie's-ის და Sotheby's-ის სახლებმა 2025 წელი

Sotheby's

Christie’s-ის და Sotheby’s-ის სააუქციონო სახლებმა, ორი წლიანი გაყიდვების ვარდნის შემდეგ 2025 წელი გაყიდვების ზრდით დაასრულეს.

ორივე სახლი კერძო საკუთრებაშია და მათი სრული ფინანსური ანგარიში კონფიდენციალურია, თუმცა ოფიციალური მონაცემების თანახმად, Sotheby’s-ის სახლმა წელი $7 მილიარდიანი გაყიდვების ჯამური ოდენობით დაასრულა, რაც 17%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. საჯარო აუქციონების წილი $5,7 მილიარდი იყო, 26%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. წლის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი გუსტავ კლიმტის ელიზაბეტ ლოდერერის პორტრეტი იყო, რომლის საბოლოო ღირებულებამ აუქციონზე $236,3 მილიონი შეადგინა.

Christie’s-ის სააუქციონო სახლს რაც შეეხება 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საერთო გაყიდვების ოდენობამ $6.2 მილიარდი შეადგინა, რაც წელიწადში 6%-იანი ზრდაა, მათგან $4.7 მილიარდი საჯარო აუქციონებზე მოდის (8%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით). Christie’s-ის სახლი აღნიშნავს, რომ წლის მეორე ნახევარში ბაზარი საგრძნობლად გააქტიურდა და ზოგადად მთლიანი წლის მონაცემებით გაყიდვები 26%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც თანხვედრაშია Sotheby’s-ის შედეგებთან.

კერძო გაყიდვები და ლუქს კატეგორიები

კერძო გაყიდვები ისეთივე მნიშვნელოვანი სეგმენტია სააუქციონო სახლებისთვის, როგორც საჯარო აუქციონები. Christie’s-ის სააუქციონო სახლის 2025 წლის საერთო შემოსავლის 24% სწორედ კერძო გაყიდვებზე მოდის, ხოლო Sotheby’s-ის სახლის - 17%. Christie’s-ის სახლის განცხადებით წლის სამი უმსხვილესი ტრანზაქცია სწორედ კერძო ფორმატში განახორციელა. არსებული მონაცემების თანახმად 2019 წლის შემდეგ Christie’s-ის კერძო გაყიდვები $700 მლნ-ით გაიზარდა, ხოლო Sotheby’s-ის - $200 მლნ-ით.

ლუქს კატეგორიების გაყიდვები (ბრენდირებული ჩანთები, საათები, სამკაულები) ასევე აღმავალი ტენდენციით ხასიათდება: Sotheby’s-ის +22% ($2.7 მლრდ), Christie’s-ის +17% ($795 მლნ).

წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, Sotheby’s-ის პირველი Abu Dhabi Collectors’ Week იყო, რომლის გაყიდვების ჯამურმა თანხამ $133.4 მილიონი შეადგინა. შედეგი ახლო აღმოსავლეთს ლუქს კატეგორიის გაყიდვებში სტრატეგიულ ბაზრად განსაზღვრავს.

შედეგები და ბაზრის პერსპექტივა

Christie’s-ის სააუქციონო სახლის მონაცემების თანახმად 20-ე და 21-ე საუკუნის ხელოვნების კატეგორიას 6%-იანი ზრდა ჰქონდა 2025 წელს ($2.8 მლრდ), ხოლო ძველი ხელოვანების კატეგორიას +24% ($182 მლნ), ნაწილობრივ Canaletto-ს რეკორდული გაყიდვის წყალობით.

აზიური და მსოფლიო ხელოვნების კატეგორია ჯამურად 6%-ით შემცირდა, ასევე 3%-ით შემცირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მყიდველების დანახარჯი აუქციონებზე თუ კერძო შენაძენებზე.

Christie’s-ის CEO ბონი ბრენანი 2025 წელს გამოყოფს, როგორც წელს როდესაც ბაზრის მიმართ ნდობა აღდგა, იგი ხაზს უსვამს ფიზიკურ და ონლაინ გაყიდვებში დაფიქსირებულ ძლიერ შედეგებს. 2025 წლის შედეგები აჩვენებს ბაზრის ფრთხილ მაგრამ უდავო გაცოცხლებას, ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას და ლუქს კატეგორიაზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები