სასტუმრო “Grand Plaza Hotel”, რომელიც ლუბლიანაში მდებარეობს, ყიდის საწოლს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუს ეძინა.
სანაკრებო ფანჯრისას პორტუგალიამ გასვლაზე სლოვენიის წინააღმდეგ ითამაშა და პორტუგალიელი ფეხბურთელები სწორედ ზემოთ აღნიშნულ სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები. Grand Plaza Hotel-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კრიშტიანუ რონალდუს საწოლი გასაყიდად გამოიტანეს:
“სლოვენიისა და პორტუგალიის დაპირისპირება განსაკუთრებული და უნიკალური ღონისძიება იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ გულშემატკივარს სიურპრიზი მოვუმზადოთ, რომელში მონაწილეობასაც ყველა შეძლებს. ვინაიდან არ ვიცით კიდევ როდის გვექნება სლოვენიაში რონალდუს მასპინძლობის შესაძლებლობა, გვსურს, აუქციონზე გასაყიდად გამოვიტანოთ საწოლი, რომელშიც პორტუგალიელ ვარსკვლავს ეძინა. ყველა მსურველს ვუსურვებთ წარმატებას საწოლის შეძენის მიმართულებით” - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო საწოლის საწყის ფასად 5 ათასი ევროა განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ლუბლიანაში სლოვენიასა და პორტუგალიას შორის ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს.