რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანს ეწვია, სადაც ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ამ შეხვედრის რეალური მიზანი, ცხადია, ორი ქვეყნის მეტად დაახლოება იყო, მათ შორის სამხედრო ჭრილში, მაგრამ მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მოხვდა - რუსული წარმოების ე.წ. "ბრონირებული" ლიმუზინი Aurus Senat-ი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა მის კორეელ კოლეგას ჯერ კიდევ თებერვალში უსახსოვრა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დრო არ დაკარგა, მეგობარი ლიდერის ვიზიტით ისარგებლა და ბრიტანული Rolls-Royce-ის რუსული ანალოგი იქვე გატესტა, თანაც თავად ვლადიმირ პუტინთან ერთად.
კიმ ჩენ ინი ცნობილი ავტოენთუზიასტია, რომელიც კოლექციაში საინტერესო ავტომობილების დამატებას მისი ქვეყნის სრული ბლოკადის, იზოლაციისა და სანქცირების მიუხედავადაც ახერხებს. სხვადასხვა ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ავტოპარკში ისეთი ავტომობილები არის წარმოდგენილი, როგორიცაა Mercedes-Benz S600 Pullman Guard, Rolls-Royce Phantom, Lexus LX 570 და Maybach 62 - ცხადია, თითოეული მათგანი ბრონირებულია, როგორც ეს ქვეყნის ლიდერს შეეფერება. მიმდინარე წელს კი, ამ სიას რუსული Aurus Senat-იც შეემატა - ავტომობილი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ემსახურება.
ავტომობილი, რომლითაც ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ფხენიანის ქუჩებში გაისეირნეს, რუსული ავტომწარმოებელი კომპანიის, Aurus Motors-ის ნაშიერია, ხოლო თავად ამ კომპანიის არსებობა, გარკვეულწილად, ვლადიმირ პუტინის იდეას უნდა მივაწეროთ, რომელსაც სურდა, Rolls-Royce-ისა და Bentley-ის დონის ავტომობილები რუსეთშიც შექმნილიყო. გამოდის, რომ რუსეთისთვის Aurus Senat-ი დიდ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, ხოლო თავად ის ფაქტი, რომ ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს სწორედ ეს ავტომობილი უსახსოვრა - ღირებულ დიპლომატიურ ჟესტად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
რუსული წარმოების ლიმიზუნს პირველად რომ შეხედავთ, შეუძლებელია, ბრიტანული Rolls-Royce Phantom-ი რომ არ გაგახსენდეთ, რადგან ამ ავტომობილებს შორის მსგავსების არდანახვა, უბრალოდ შეუძლებელია. პირველი, რაც თვალში გვხვდება, უზარმაზარი ცხაურაა, რომელიც ბრიტანული ინჟინრების მიერ Rolls-Royce-ისთვის შექმნილი რომაული პანთეონის იდენტურია. ეს ავტომობილები ერთმანეთს გრძელი ოთხკუთხედი წინა მაშუქებითაც ჰგვანან, მაგრამ Rolls-Royce-ის შემთხვევაში დეტალიზაცია გაცილებით მეტია. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს - ავტომობილის ფორმა და სილუეტია, რომელიც Rolls-Royce Phantom-ით მკაცრი, მძიმე და დომინანტურია.
რუსული წარმოების 7,200-კილოგრამიანი დიქტატორმზიდი შთამბეჭდავია შიგნიდანაც, სადაც 4.4 ლიტრის მოცულობის ორმაგად ტურბირებულ V8-ტიპის ძრავს ვხვდებით, რომელიც 598 ცხენის ძალას გამოიმუშავებს - ეს ძრავი, სხვათა შორის, Porsche-სთან და Bosch-თან კოლაბორაციით შეიქმნა. ამასთან, ავტომობილი აღჭურვილია 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით და AWD-სისტემით. თუმცა მაქსიმალისტი ავტოენთუზიასტებისთვის Aurus-მა კიდევ ორი კომპლექტაცია შექმნა, ესენია - V12-ტიპის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, რომელიც 848 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი ჰიბრიდული ანალოგი, რომელშიც 42-კილოვატიანი ელექტროძრავს ვხვდებით. როგორც ირკვევა, მომავალში Aurus Senat-ის ელექტრონული ვერსიაც გამოვა.
თუმცა ყველაზე საინტერესო კომპლექტაცია ამ ავტომობილს შიგნიდან აქვს, რადგან ინტერიერი სწორედ ისაა, რასაც Aurus Senat-ის მფლობელი დიქტატორი ავტომობილში ყოფნისას ყველაზე დიდ დროს უთმობს. შედეგად, ავტომობილში ვხვდებით ყველაფერს, რასაც მის ბრიტანულ ანალოგში, ესენია მაღალტექნოლოგიური სისტემები, ხის, მეტალისა და ტყავის მსგავსი პრემიული მასალები, მაცივარი, მაგიდები, ბროლის ჭურჭელი და ასე შემდეგ. თითოეული ეს ავტომობილი, ცხადია, ინდივიდუალურად მზადდება, შესაბამისად კომპლექტაციის არჩევა მყიდველს თავად შეუძლია.
ორიოდ სიტყვა ვთქვათ ავტომობილის ფასზეც - Aurus Senat-ის საწყისი ფასი $270,000-ის ფარგლებში მერყეობს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი ბრიტანული კონკურენტის, Rolls-Royce Phantom-ის ფასი, რომელიც $450,000-დან იწყება. ეს ავტომობილი, პირველ რიგში, რუსული ბაზრისთვის შეიქმნა, მაგრამ Aurus Senat-ის შემსყიდველებს შორის, სავარაუდოდ, არაერთი ჩინელი ბიზნესმენი იქნება, რადგან ასეთი ტიპის ავტომობილები იქ ძალიან უყვართ და არც იმასზედ აქვთ პრობლემა, რომ ავტოპარკში Aurus-ის და Rolls-Royce-ის წარმოების ავტომობილები ერთდროულად ჰყავდეთ.