ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ დონორული საგრანტო პროექტების შეჩერების საპასუხოდ მთავრობა მზადაა აღნიშნული პროექტები ბიუჯეტიდან დაფინანსდეს - ამის შესახებ კაკაურიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობისთვის კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა - ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ სამინისტროს ექნება კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებებთან და თუკი მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, სამინისტრო თანხების დამატებას განიხილავს. ამასთან, კაკაურიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა რეფორმების განხორციელებისთვის, მათი დაფინანსების საკითხზე მნიშვნელოვანი თავად ამ რეფორმების განხორციელების ხარისხია.
“რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის დღევანდელ განცხადებას, ნამდვილად არ ვიცი ამ თანხის მოცულობაც, რადგან ეს 100 ათასი ევრო ბიუჯეტში ნამდვილად არ იყო. გვქონდა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და თუ რაიმე საჭიროება იქნება უწყებების მხრიდან ეს გამოჩნდება. ბიუჯეტს აუცილებელი საკითხები დაფინანსების შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი თანამშრომლობა იმ პარტნიორებთან, რომლებთანაც იქნება სწორი თანამშრომლობა და რეფორმების განხორციელება, რომელიც ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არა უწყებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. თითოეული ამ რეფორმის თანხის მოძიება არ არის პრობლემა, მთავარია რომ რეფორმა სწორად განვახორციელოთ”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კითხვაზე - რა შემოსავლები დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ აშშ-ის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერება სახელმწიფო ბიუჯეტზე არ აისახება, რადგანაც ეს დახმარება უშუალოდ ბიუჯეტში არ მოდიოდა. ხოლო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მომდევნო წლებში გამოსაყოფი დახმარების 121 მილიონი ევროთი შემცირებასთან დაკავშირებით კაკაურიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია ზუსტად რომელი პროექტების დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა.
“აშშ-ის 95 მილიონი დოლარიდან ბიუჯეტში არაფერი მოდიოდა. ქვეყნისთვის აუცილებელი პროგრამები დაფინანსდება აუცილებლად ბიუჯეტიდან, თუმცა ბიუჯეტში ის 95 მილიონი დოლარი არ მოდიოდა. 121 მილიონი ევროს შესახებ კი ჩემთვის უცნობია ზუსტად რომელი პროექტების ფარგლებში უნდა ჩამორიცხულიყო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თანხები. დაახლოებით 25 მილიონი ევროს შესახებ ვიცოდით, რაც შესაძლებელი იყო მიგვეღო, რაც ხელმოწერილი და შეთანხმებული იყო და რომლებზეც ჩვენი მხრიდან ვალდებულებები შესრულებულია, ვნახოთ, არ ვიცი მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხები არ ჩამოვა და შევხედოთ რა იქნება საბოლოო ჯამში”, - ამბობს კაკაურიძე.