დიღმის ჭალების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში აქტიურად ხდება უკანონოდ სამშენებლო ნარჩენის დაყრა და წიაღისეულის მოპოვებაც კი, რის გამოც ფართობი, რომელიც ამ დროისთვის რეკრეაციულ, ლანდშაფტურ და სატყეო ზონებს აერთიანებს, ნადგურდება.
ტერიტორიის შენარჩუნების მიზნით, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია SMEC-ის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები დაიქირავა, რომლებმაც ფართობი შეისწავლეს და შესაბამისი რეკომენდაციები დღეს საზოგადოებას წარუდგინეს.
აუცილებელია დიღმის ჭალების ტერიტორიის საზღვრების დადგენა და სწრაფი ტემპით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ამბობს BM.GE-თან თბილისის გენგეგმის ავტორი მერაბ ბოლქვაძე. მისი თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ თბილისის მერიას საქალაქო პარკების განვითარებისთვის ადგილები შესთავაზა, მათ შორის იყო დიღმის ჭალებიც.
“აუცილებელია საზღვრების დამტკიცება. ეს ეხება ამ პარკს, ფონიჭალის და ხუდადოვის ტყე პარკებსაც, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს ტერიტორიები ქრება. როცა დამტკიცდება საზღვრები, ნაკლები საშუალება იქნება იქ სამშენებლო განვითარების მიზნით შეჭრის. ეს უნდა დარჩეს არასამშენებლო ტერიტორიებად, საქალაქო პარკებად.
აქ არის საჭირო ტემპი, დიდი ხანია საუბარი საპარკე ინფრასტრუქტურაზე, თუმცა სასწრაფოდ უნდა დამტკიცდეს საზღვრები, თუ ქალაქს ასეთი დიდი ტერიტორიის საშუალება არ აქვს”, - ამბობს მერაბ ბოლქვაძე.
ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა გარკვეულ ადგილებზე მშენებლობები შეზღუდა, თუმცა ამასთან ერთად უკეთესად დაგვანახა საქალაქო პარკების აუცილებლობა. დიღმის ჭალები იყო ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც თბილისის მერია ჯერ 11 მილიონის, ხოლო მერე 15 მილიონი ლარის დახარჯვასაც გეგმავდა. პროექტის დაწყება 2019 წელს იგეგმებოდა, დასრულებით კი 2020-ში. გეგმები შეიცვალა, დღეს პროექტი ანონსდება ყოველ წელს, რომელიც ADB-ის დაფინანსებით უნდა გაკეთდეს, თუმცა ჯერ შესაბამისი ტენდერი არ გამოცხადებულა.
ამასთან, დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიაზე თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით და ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია SMEC მუშაობს. დოკუმენტი, რომელმაც დიღმის ჭალების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა უნდა გააერთიანოს მზად 2 თვეში იქნება და მუნიციპალიტეტს წარედგინება.