საქართველოს მთავრობა ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას განიხილავს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონმდებლობა ეთიკური AI-ს განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება განპირობებულია ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის 13 მარტს მიღებული კანონმდებლობით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირების პირველი პრეცედენტია. რეგულაცია ეხება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შემუშავების, ტესტირებისა და ოპერირების შესაძლებლობებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ ეთიკური ნორმების დაცვასა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის უზრუნველყოფას. ამასთანავე, რეგულაცია განსაზღვარვს თუ რა სახით შეიძლება გამოყენებული იყოს პირის ბიომეტრიული მონაცემებით ამოცნობის სისტემები ევროკავშირის ტერიტორიაზე.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით
“ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ მიაღწია აქამდე წარმოუდგენელ მასშტაბებს, შესაბამისად, აუცილებელია იმგვარი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს და ეს უნდა იყოს იმგვარი სამართლებრივი მოდელი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ინოვაციურ განვითარებას და ამავდროულად დაიცავს ადამიანის უფლებებს.
რეგულაციები ამ სფეროში ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბითაც ახალია და ევროკავშირშიც სულ ახლახანს იყო მიღებული ამ ტიპის რეგულაცია. დავაანონსეთ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომლითაც სულ რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ რეგულაციაზე. ეს იქნება უწყებათაშორისი ჯგუფი და მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტებიც,”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
21 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების გლობალური რეგულირების შესახებ. ამ დოკუმენტში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, ლაპარაკია ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე.
ხუთშაბათს, 21 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას.
„შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პროექტირება, განვითარება, დანერგვა და გამოყენება, იყოს უსაფრთხო, საიმედო და სანდო“, - თქვა ბლინკენმა.