მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას" - ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი

სს

აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხათუნა ხურცილავას განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ვფიქრობდით ნაწილობრივ მაინც მიიღებდა სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ განაჩენს ვგულისხმობ, მაგრამ არაუშავს, გავასაჩივრებთ და სააპელაციოში ვიდავებთ.

არ ველოდებოდით სრულ გამამტყუნებელ განაჩენს იმიტომ, რომ ბრალდება დამოკიდებული იყო მხოლოდ ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებაზე, ორივე იყო მნიშვნელოვნად მიჩნეული. სანამ მათ არ მისცეს ჩვენება, ბრალი ვერ წაუყენეს ბატონ ჯუანშერს და ახლაც მოსამართლემ გაიზიარა ეს ორი უსუსური ჩვენება, რომლებმაც თავის გადარჩენის მიზნით მისცეს ჩვენება... პროკურატურამ რატომ გვითხრა უარი საპროცესოზე პასუხი არ გვაქვს“, - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

კითხვაზე, ჯუანშერ ბურჭულაძე რატომ არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას, ადვოკატი აცხადებს: „სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გასული წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, მან 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობდა. ერთადერთი ვისაც ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ვლადიმერ ღუდუშაურია. ის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, რომელიც 4 წლით პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გათავისუფლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები