გამთენიისას, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, რომელიც აქციაზე მიდიოდა. ავტომობილში იმყოფებოდა გარდაცვლილის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაშია და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაცია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
განახლება: თავდაპირველად, "ჯიპიაი ჰოლდინგმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპული ქალი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა შემდგომ, როგორც ჰოლდინგში განმარტავენ, ოჯახის თხოვნით, ტექსტი შეიცვალა.
BM.GE ჰოლდინგის თავდაპირველ, ასევე კორექტირებულ განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" თავდაპირველი განცხადება:
"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება.
ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ",- ეწერა განცხადებაში.
კორექტირების შემდეგ კი ინფორმაციას ასეთი სახე აქვს:
"ოჯახის თხოვნით, შევასწორეთ ტექსტი:
დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში დედასთან ერთად მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება.
ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ",- წერია განცხადებაში.