მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ავარიული გათიშვების 90%-ზე მეტი მესამე პირების მიერ არის გამოწვეული” - თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი

გუშინ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად 18 500 აბონენტს შეუწყდა. "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ დაზიანება უკვე აღმოფხვრილია და გაზმომარაგება რამდენიმე საათში ყველა აბონენტს აღუდგება. მისი თქმით, ავარიული გათიშვები ძირითადად მესამე პირების მიერ არის გამოწვეული და ის ხშირად სამშენებლო სამუშაოებს, კომუნიკაციების გამოცვლას თუ გაყვანას უკავშირდება.

“ავარიული გათიშვების 90%-ზე მეტი მესამე პირების მიერ არის გამოწვეული. „ავარიული“ თვითონ სიტყვა თავის თავში მოიცავს, რომ იქ რაღაც მოხდა. შესაბამისად უმეტესობა, პრაქტიკიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს მესამე პირის ჩართულობით ხდება. თბილისში ზოგი საძირკველს თხრის, ზოგი კომუნიკაციას ცვლის და ასე შემდეგ - ეს არის სხვადასხვა მესამე პირების მიერ ჩვენი ქსელის დაზიანება, როდესაც ჩვენ იძულებულები ვხდებით, რომ ეს დაზიანება, რადგან აღმოსაფხვრელია და დროულად არის ის გაზი ჩასართავი, გავთიშოთ გაზის მიწოდება კონკრეტულ იმ არეალზე, რომელსაც აღნიშნული გაზსადენი ამარაგებდა.

ბოლო დაზიანება, 500-მილიმეტრიანი საშუალო წნევის, დიდი დიამეტრის გაზსადენზე იყო. მომხდარი დაზიანება აღდგა და შესაბამისად უკვე, როგორც აღვნიშნე, რამდენიმე საათში უკვე 18,000-ივე აბონენტს გაზმომარაგება აღუდგება.

ჩვენს მიერ დადგენილი პროცედურის მიხედვით, ყველა ავარიულ გათიშვაზე ასეთი შემთხვევების დროს ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება. შემდგომ უკვე ძალიან ადვილად მიკვლევადია ის ადამიანი, ის კომერციული ორგანიზაცია, რომელმაც დააზიანა ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს ძირითადად უკავშირდება სამშენებლო სამუშაოებს, სხვადასხვა კომუნიკაციების რეაბილიტაციას, ახალი კომუნიკაციის გაყვანას და ა.შ.”, - ამბობს "თბილისის ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები