მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ავერსის ჯგუფში“ შემავალი არცერთი კომპანია არ მიანიჭებს პრიორიტეტს [მედიკამენტს], მხოლოდ იმიტომ  რომ „ავერსი რაციონალისაა“ - მალხაზ კურტანიძე

მალხაზ კურტანიძე

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ განაცხადა, რომ კომპანიის წმინდა მოგება მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს. ამის შესახებ მან პარლამენტში, ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და საოპერაციო პროცესები განიხილებოდა.

მისი თქმით, 2005 წლიდან დღემდე, მიუხედავად ბრუნვის ზრდისა, მოგების მაჩვენებელი სტაბილურად იმავე ფარგლებში ნარჩუნდება. კურტანიძის განმარტებით, გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებას შორის სხვაობა (ამონაგები) არასდროს აღემატებოდა 50%-ს, ხოლო ბოლო წლებში დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

“ჩვენ მიერ წარმოებული მედიკამენტების დაახლოებით 50% რეფერენტული ფასების სისტემაშია მოქცეული. [რეფერენტული ჩამონათვალის გაფართოების შემთხვევაში], გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმ კონკრეტულ ფასებს, რომლებიც დადგინდება. კომპანია, რა თქმა უნდა, დაემორჩილება რეგულაციით განსაზღვრულ ფასებს, თუმცა პროდუქტის წარმოების გაგრძელება დამოკიდებული იქნება მის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე - თუ რეალიზაცია მოგებიანი იქნება, წარმოება გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნული მედიკამენტების წარმოება შეწყდება”, - თქვა მან.

ამასთან, კურტანიძემ ხაზი გაუსვა, რომ „ავერსი ჯგუფში” შემავალი კომპანიები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან და არ აქვთ ვალდებულება, პრიორიტეტი მიანიჭონ „ავერსი რაციონალის“ პროდუქციას.

მისივე თქმით, „ავერსის“ კლინიკებში „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი კონკურენტუნარიანია როგორც ფასით, ისე ხარისხით.

“ავერსის" კლინიკებში არავინ არ არის ვალდებული შეიძინოს „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტები, თუ არ იქნება კონკურენტუნარიანი ფასითა და ხარისხით. ყველა ავერსის ჯგუფში შემავალი კომპანიები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ თავისი მოგების გეგმა და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოგება შესრულდეს და კომპანიას შემოსავალიც ნორმალური ჰქონდეს, აქედან გამომდინარე, არცერთი „ავერსის ჯგუფში“ შემავალი კომპანია არ მიანიჭებს პრიორიტეტს მედიკამენტს, მხოლოდ იმიტომ რომ „ავერსი რაციონალისაა“, თუ არ იქნა კონკურენტუნარიანი ფასი ავერსი რაციონალს“, - ამბობს მალხაზ კურტანიძე.

მისი ინფორმაციით, ანალოგიური პრინციპი მოქმედებს სააფთიაქო ქსელშიც. კურტანიძის განცხადებით, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტების წილი დაახლოებით 10-11%-ს შეადგენს, რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს, რომ ჯგუფის შიგნით პროდუქციის პრიორიტეტიზაცია არ ხდება. „რომ ყოფილიყო პრიორიტეტი, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა“, - აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ფარმაცევტებს აკრძალული აქვთ მომხმარებლისთვის ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის თვითნებურად ჩანაცვლება, რაც მკაცრად კონტროლდება და დარღვევის შემთხვევაში დასჯადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები