ავღანეთის ისლამური საამიროს ეკონომიკურმა კომისიამ, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მულა აბდულ ღან ბარად ახუნდი ხელმძღვანელობს, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს ავღანეთში ინვესტირების სანაცვლოდ ქვეყანაში ბინადრობის უფლებას სთავაზობს. როგორც კომისიაში აცხადებენ, ის განსაკუთრებით იმ საერთაშორისო ინვესტორებზე იქნება გათვლილი, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ პროექტს ახორციელებენ და თანხებს როგორც უძრავ ქონებაში, ასევე სხვადასხვა სახის ბიზნესში აბანდებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინადრობის უფლების ხანგრძლივობა ინვესტიციის მოცულობით განისაზღვრება და ის 1-დან 10-წლამდე პერიოდს შეიძლება მოიცავდეს. ახალი გადაწყვეტილების ფონზე, ეკონომიკურმა კომისიამ სპეციალური კომიტეტიც ჩამოაყალიბა, რომელიც განსაზღვრავს, რისი უფლება ექნებათ ბინადრობის უფლების მქონე ინვესტორებს ავღანეთში ცხოვრების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, 2021 წელს, თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ხელახლა აღების შემდეგ, ქვეყანაში კვლავ მკაცრი ისლამური ნორმები დადგინდა, რაც არამარტო უცხოელი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი არაერთ შეზღუდვას აწესებს. ვიცე-პრემიერ ბარად ახუნდის თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიუჯეტში შემოსავლების შემოსვლას და ეკონომიკის გააქტიურებას. ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ბინადრობის ნებართვის შეთავაზება ბევრ უცხოელ ინვესტორს დააინტერესებს და უზრუნველყოფს ავღანეთში მსხვილი კაპიტალის შედინებას.
არსებული ინფორმაციით, ავღანეთის ეკონომიკურ კომისიას მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვის გზებზე არ უმსჯელია. ვიცე-პრემიერმა მოადგილეებსა და საბჭოს წევრებს დაავალა, დაიწყონ აქტიური მუშაობა რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობისთვის. კონკრეტულად, შეხვდნენ მეზობელი სახელმწიფოების კოლეგა მაღალჩინოსნებს და ქვეყნებს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ავღანეთის ტერიტორიის გამოყენება შესთავაზონ. ამასთან, დაადგინონ ის მარშრუტები, რომლებიც უსაფრთხო იქნება ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნად ქცევისთვის.




























