ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ავიაციის აღდგენის ტენდეცია უკიდურესად კარგი, სწრაფი და ამავდროულად საკმაოდ ჯანსაღია. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველო თავისი ავიაციის განვითარების ტემპით იყო ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით.
„2019 წელს საერთაშორისო აეროპორტებში გატარებული მგზავრების რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, რამაც 5 მლნ მგზავრს გადააჭარბა. 2020 წელს კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენც მოგვიწია შესაბამისი ზომების გატარება და აქედან გამომდინარე დინამიკა არც თუ ისე სახარბიელო იყო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ 2021 წელს იანვარ-ივნისის მონაცემებით ისეთ ნიშნულზე ვართ, რომ სიამაყით გამცნობთ, რომ აღდგენის ტენდეცია უკიდურესად კარგი და სწრაფი და ამავდროულად საკმაოდ ჯანსაღია.
როდესაც ვსაუბრობთ ავიაციის აღდგენაზე დღეს და მოლაპარაკებებზე, უკიდურესად რთული დროა იმისთვის, რომ ქვეყანაში ავიაკომპანიები დავიბრუნოთ. ავიაციას კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ურთულესი ფინანსური პერიოდი აქვს და რა თქმა უნდა, როგორც საქართველოშია, ასეა მთელ მსოფლიოში და ყველა ცდილობს, რომ პრიორიტეტი ის მიმართულება გახდეს, სადაც ავიაკომპანიები უკან დაბრუნდებიან და აქ გვაქვს ჩვენ ხელშესახები ნათელი მაგალითი იმ ღირსეული შრომის შედეგისა, რომელსაც ჩვენი გუნდი დაუღალავად ბოლო თვეების განმავლობაში ახორციელებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და ავიაციის აღდგენის სტატისტიკა წარმოადგინა:
„ივლისის მონაცემებით ჩვენ შევძელით და უკვე აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი მიმართულებები 72% და ამ შემთხვევაში არა 2020 წელს, არამედ 2019 წელს ვედრებით. ეს ის სწორებაა, რომელზეც ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავბრუნდეთ. ის ქვეყნები, სადაც ჩვენ პირდაპირი მიმართულებები გაქვთ უკვე 75%-ით აღდგა, ჩვენს ქვეყანაში 2019 წელს მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა 79%-ით აღდგა, ხოლო პირდაპირი სიხშირეები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს არის 74%-ით.
ბათუმის აეროპორტი პირველია, რომელიც ივლისში არათუ სწრაფად აღადგინა ის მონაცემები, რომელიც 2019 წელს გვქონდა, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს სიხშირეების 21%-ით გადაჭარბება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.




























