მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაემბარგოს მოხსნით, რუსეთი საქართველოს ჰაბად გამოყენებას აპირებს - გიდი

6465f48e9eb4e
თელარა გელანტია
18.05.23 13:55
1292
ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებლის და საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრის გიორგი დარციმელიას აზრით, ავიაემბარგოს მოხსნით რუსეთის სანქცირებული ხელისუფლება აპირებს, საქართველო ჰაბად გამოიყენოს.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რუსეთის მხრიდან 2019 წელს ცალმხრივად დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრებმა და აშშ-მ რუსეთს კარი დაუხურა ანუ მათ შეწყვიტეს ფრენები რუსეთში და არც რუსეთს აქვს უფლება, ამ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა განახორციელოს.

დღეს საუბარია იმაზე, რომ რაღაცა მიმართულებებით მაინც განახორციელოს რუსეთმა ფრენები და ამ სიაში საქართველოც შეიყვანეს. გასაგებია, რომ რუსეთი ამით საქართველოს გამოყენებას აპირებს ჰაბად, რომლის მეშვეობითაც ისედაც შეზღუდულ და სანქციების ჩემპიონ რუსეთის რეჟიმს აქვს იმედი, რომ გასაძრომს იპოვის... ჩემი აზრით, ავიაემბარგოს მოხსნის ერთადერთი მოტივი ეს არის, რადგან არ მგონია, რომ პუტინს უცებ საქართველოს მიმართ სიყვარული გაუღვივდა და გადაწყვიტა - „მოდი, აღარ დავსჯი ქართველებს და ვიმეგობროთო“, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ.

წამყვანის კითხვას - „რამდენად პრაგმატული პასუხი გასცა რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ“ - დარციმელიამ ასეთი პასუხი გასცა:

„ჩემი აზრით, პრაგმატული იქნებოდა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა... ცუდი იქნება ეკონომიკის დიდი მასშტაბით ჩამოკიდება ოკუპანტ ქვეყანაზე, რომელიც არაპროგნოზირებადია და არასდროს იცი, თავში რა მოუვა. ასეთი ქვეყნისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“, - აღნიშნა გიორგი დარციმელიამ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები