საავიაციო საწვავი გაძვირდა. გაორმაგებული ფასი და ამავე დროს დეფიციტური საწვავი ავიაკომპანიებს ოპერირებას ურთულებს და საერთაშორისო ბაზარზე კომპანიების ნაწილი ბილეთის ფასის ზრდის პარალელურად ფრენებს ამცირებს.
„პეგას ტურისტიკ საქართველოსა და აზერბაიჯანის“ გენერალური დირექტორის, სალომე ბერაიას განცხადებით, მიუხედავად მომწოდებლების მხრიდან გაზრდილი ტარიფებისა, კომპანია უკვე გაყიდული პაკეტების ღირებულების შეცვლას არ გეგმავს და ფასთა შორის სხვაობას საკუთარი რესურსით დაფარავს.
როგორც სალომე ბერაია bmg-სთან განმარტავს, ტურიზმის სექტორში დაგეგმარება ერთი წლით ადრე ხდება. შესაბამისად, 2026 წლის ზაფხულის სეზონის გაყიდვები ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, საფასო პოლიტიკა კი იმ პერიოდში არსებული კონტრაქტების მიხედვით ჩამოყალიბდა. თუმცა, მარტის დასაწყისიდან, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ავიაკომპანიებმა ხელშეკრულების პირობები შეცვალეს.
“როდესაც ვგეგმავთ შემდეგი წლის სეზონს, ყოველთვის გვაქვს მოლაპარაკებები თითქმის ერთი წლით ადრე ავიაკომპანიებთან, როდესაც ხდება ტურპაკეტის ჩამოყალიბება და კონკრეტული მიმართულების გამოცხადება. ჩვენ ყოველთვის თადარიგს ვიჭერთ და ვაცხადებთ ადრეულ გაყიდვებს.
ჩვენ უკვე დეკემბერში, გამოცხადებული გვქონდა 2026 წლის ზაფხულის სეზონზე გაყიდვები. შესაბამისად ყველა ის საფასო პოლიტიკა შემუშავებული იყო იმ კონტრაქტის პირობების თანახმად, რომელიც შედგა 2025 წლის მიწურულს და 2026 წლის დასაწყისში.
მარტის დასაწყისიდან, ახლო აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაციის შემდეგ, აბსოლუტურად შეიცვალა სურათი. საწვავის გაძვირების გამო ყველა ჩვენმა მომწოდებელმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ავიაკომპანია იქნება, შეგვიცვალა ხელშეკრულების პირობები. ეს კი აისახება იმაზე, რომ ფასი, რომელზეც ჩვენ ვიყავით შეთანხმებული გაიზარდა. ასევე ეს შეეხო იმ პაკეტების 30%-ს, რომელიც უკვე გაყიდულია.
უკვე გაყიდული და რეალიზებული პაკეტების თანხის შეცვლა წარმოუდგენელია, რადგან ეს აისახება რეპუტაციაზე, მომხმარებლის ნდობაზე და შესაბამისად ამ რისკებს უკვე ჩვენი კომპანია იღებს თავის თავზე. მაგალითად თურქეთის ან ეგვიპტის მიმართულებებზე ავიაბილეთის ღირებულება გაძვირდა დაახლოებით 100 ევროთი, რაც არც ისე ცოტა ფასნამატია. ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 20 პროცენტამდე, რაც რა თქმა უნდა ფიზიკურად ვერ ავსახეთ უკვე გაყიდულ პაკეტებზე და ეს თანხა მიდის უკვე თვითონ ორგანიზაციის შიდა რესურსიდან,”- ამბობს "პეგას ტურისტიკ საქართველოს და აზერბაიჯანის" გენერალური დირექტორი სალომე ბერაია.




























