მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავსტრალია ბიოსაწვავის ინდუსტრიის შექმნაში $735 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

ავსტრალია

ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა დაბალნახშირბადიანი საწვავის ინდუსტრიის განვითარებაში $1.1 მილიარდი ავსტრალიური დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მთავრობის ინიციატივას მიესალმებიან ფერმერები, რომლები იმედოვნებენ, რომ ინდუსტრიის განვითარება ბიოსაწვავის წარმოებისთვის საჭირო ისეთ პროდუქტებზე გაზრდის მოთხოვნას, როგორებიც შაქარი და რაფსია - ამის შესახებ Reuters წერს.

ინვესტიცია ეტაპობრივად, 2028 წლიდან გაიცემა და 10 წლის განმავლობაში გადანაწილდება. პროექტი მიზნად ისახავს კერძო ინვესტიციების მოზიდვას ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ბიოდიზელი და მდგრადი საავიაციო საწვავი.

ავსტრალია უკვე არის საწვავის წარმოებისთვის გამოსადეგი ნედლეულის - რაფსის, შაქრის ლერწმის, ფეტვისა და ქონის უმსხვილესი მწარმოებელია. ამჟამად ამ პროდუქტების უმრავლესობა ქვეყნიდან ექსპორტზე გადის, საწვავის ძირითად ნაწილს კი ავსტრალია საზღვარგარეთ ყიდულობს. ავსტრალიური რაფსი ევროპის ბიოსაწვავის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მთავარი ნედლეულია.

“მოწინავე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და იაფი და საიმედო განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობის წყალობით, ავსტრალია შესაშურ მდგომარეობაშია უფრო სუფთა, დაბალნახშირბადიანი თხევადი საწვავის წარმოებისთვის, რაც თვითმფრინავებს, გემებს, სამშენებლო მანქანებსა და მძიმე სატვირთო მანქანებს ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად სჭირდებათ “, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ქვეყნის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუენმა განაცხადა, რომ პროექტი ორმხრივად მოგებიანია ავსტრალიისთვის, რადგან, ემისიების შემცირებასთან ერთად, სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს.

ავსტრალიის მიზანია, 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს, თუმცა ოპოზიციური, მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკოსების მზარდი რაოდენობა მიიჩნევს, რომ ეს მიზანი უნდა გაუქმდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები