ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ საწვავის გაზრდილი ხარჯებით გამოწვეული წნეხის შესამცირებლად ახალი დახმარების პაკეტი დააანონსა.
ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესები, მათ შორის სატრანსპორტო ოპერატორები და სასუქების მწარმოებლები, 1 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს ($693 მლნ.) უპროცენტო სესხების სახით მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის ომით გამოწვეულ იმ გლობალურ ენერგოკრიზისს უკავშირდება, რამაც 80%-ით იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ფასების ზრდის საფრთხე გააჩინა.
როგორც ირკვევა, ავსტრალიის მთავრობა ამ მოკლევადიანი გადაწყვეტილებით არ შემოიფარგლება და უახლოეს კვირებში 5 მილიარდი ავსტრალიური დოლარის ($3.46 მლრდ.) მოცულობის „ნულოვანი ემისიის ფონდს“ აამოქმედებს. ეს ინიციატივა განახლებადი და სუფთა ენერგიის მიწოდების ჯაჭვებში ინვესტიციების სტიმულირებასა და დაბალნახშირბადიანი თხევადი საწვავის, მათ შორის ეთანოლისა და ბიოდიზელის წარმოების გაფართოებას ისახავს მიზნად
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მომავალი თვის ფედერალური ბიუჯეტი ყველაზე ამბიციური იქნება და ძირითადად მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ხარჯების შემსუბუქებაზე იქნება ფოკუსირებული. ეს ნაბიჯი კი აიხსნება იმით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკური შედეგები კიდევ მრავალი თვეების განმავლობაში შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაციისთვის ოფიციალურმა კანბერამ საწვავის შიდა რეზერვები უკვე გამოიყენა და აქციზის გადასახადი გაანახევრა. ამასთან, ავსტრალიის შტატები ხუთშაბათს შეთანხმდნენ, რომ საწვავის იმპორტზე დღგ-ს გაზრდაზე დროებით უარს იტყვიან.



























