ათწლეულების განმავლობაში რეკორდულმა დიდთოვლობამ ავსტრალიის ქალაქებში წყალდიდობა გამოიწვია, ათასობით სახლს კი ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, ნიუ საუს უელსის ჩრდილოეთ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლე 40 სმ-ს აღწევს, რაც 1980-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 10 წლის შემდეგ პირველად მოთოვა ქუინსლენდის შტატშიც.
მეტეოროლოგიური ბიუროს თანამშრომელი მედიასთან აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილების გამო, ბოლო წლებში, ავსტრალიის ამინდი მკვეთრი ცვალებადობით გამოირჩევა. მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის დიდთოვლობა ისტორიაში ქვეყნის რამდენჯერმე დაფიქსირდა. როგორც მეტეოროლოგი აღნიშნავს, მიმდინარე სტიქიას არა მხოლოდ ნალექის ოდენობა გამოარჩევს, არამედ ის, თუ რამდენად ფართო არეალი დაფარა თოვლმა.
დიდთოვლობისა და წვიმიანობის გამო მხოლოდ ნიუ საუს უელსის შტატის (ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1455 გართულება დაფიქსირდა, შეტყობინება შევიდა 100-ზე მეტი ავტომობილის გზაზე ჩარჩენის თაობაზეც. დაზიანდა ათობით შენობა-ნაგებობა. ამ დრომდე ეძებენ ერთ ადამიანს, 20 წლის ქალს, რომლის ავტომობილიც წყალდიდობის დროს დინებამ გაიტაცა.




























