ავსტრალიის ციფრული უსაფრთხოების კომისარმა სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი Twitter-ი) $380 ათასი დოლარის ექვივალენტით დააჯარიმა, რადგან კომპანიამ ვერ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის მიმართულებით. როგორც კომისრის, ჯული ინმან გრანტის განცხადებაში ვკითხულობთ, Twitter/X-ი საჯაროდ აცხადებს, რომ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები კომპანიას ჯერ არ გადაუდგამს. ამ ჯარიმაზე პასუხის გასაცემად ილონ მასკის კომპანიას, ამჟამად, 28-დღიანი ვადა აქვს.
აღნიშნული $380-ათასიანი ჯარიმა, რომელიც ავსტრალიის ციფრული უსაფრთხოების კომისარმა 2021 წელს გამოცემული “ონლაინუსაფრთხოების აქტის” საფუძველზე გამოწერა, ფინანსურად, კომპანიისთვის არაფერს ცვლის, მაგრამ ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რეპუტაციული ზიანი, რომელიც ილონ მასკის სოციალურ ქსელს მიადგა. საინტერესოა, რომ ჯარიმას კომპანიასა და მარეგულირებელს შორის რამდენიმეთვიანი კომუნიკაცია უსწრებდა, მაგრამ, როგორც ჯული ინმან გრანტი ამბობს, X-მა ინიციატივა არ გამოიჩინა. ჯერ კიდევ თებერვალში, ავსტრალიის ციფრული უსაფრთხოების კომისარმა კომპანიას კითხვარი გაუგზავნა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, X-ის მენეჯმენტმა ზერელედ შეავსო.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის X-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც ავსტრალიის ხელისუფლებისგან გაფრთხილება მიიღო. სიაში ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Google-საც ვხვდებით, მაგრამ ამ კომპანიისთვის ავსტრალიის ციფრული უსაფრთხოების კომისარს ჯარიმა არ გამოუწერია.