ავსტრალიის ხელისუფლების ინიციატივას, ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელებით სარგებლობა 16 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალოს, ამერიკელი მილიარდერი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ეხმიანება.
ავსტრალიის ხელისუფლებამ პარლამენტში კანონპროექტი უკვე წარადგინა. დოკუმენტი სოციალურ ქსელებზე ასაკობრივი კონტროლის მექანიზმის იმპლემენტაციას ითვალისწინებს და, დარღვევის შემთხვევაში, სოციალური მედიის კომპანიებს $32-მილიონიან ჯარიმას აკისრებს - ექსპერტები ავსტრალიის გადაწყვეტილებას გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მიდგომად აფასებენ.
მასკმა ინფორმაცია X-ის საკუთარ პროფილზე გააზიარა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ "ყველა ავსტრალიელის მიერ ინტერნეტზე წვდომის კონტროლის დაფარული მექანიზმია".
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნების მიერ სოციალურ ქსელებზე წვდომის კონტროლი არაერთმა ქვეყანამ სცადა, ავსტრალიური კანონი, მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იქნება, რადგან კანონპროექტი 16 წლამდე ბავშვებში სოციალური ქსელების ქონის უფლებას მშობლების თანხმობის შემთხვევაშიც არ ითვალისწინებს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ყველა არსებული ანგარიში, რომელიც 16 წლამდე პირს ეკუთვნის, უნდა გაუქმდეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ილონ მასკი ავსტრალიის მმართველ ლეიბორისტულ პარტიას დაუპირისპირდა. მანამდე, აპრილში, X ავსტრალიური სასამართლოს წინაშე წარდგა: სასამართლომ სოციალური პლატფორმიდან იმ ვიდეო და ფოტომასალის წაშლა მოითხოვა, რომელიც სიდნეიში სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმას ასახავდა, საპასუხოდ კი მასკმა ავსტრალიის ხელისუფლება ცენზურაში დაადანაშაულა.