„გინდ დამიჭირონ გინდ არა, ჩემი ტელევიზია მიკერძოებული არ იქნება,“ - ამის შესახებ „TV პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მამამ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში თიბისის საქმის არსებით განხილვაზე შესვლამდე განაცხადა.
„ეს ყველაფერი 2020 წლის არჩევნებისთვის ხდება. ის ტელევიზიები, ვინც მთავრობას არ ემორჩილებიან, არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს, ეს იქითკენ არის მიმართული, რომ შეაშინონ ხალხი და დაიჭირონ. საქმე აღუძრეს ყველა ტელევიზიას, ვინც არ ემორჩილება.
გინდ დამიჭირონ, გინდ არა ჩემი ტელევიზია არ იქნება მიკერძოებული და იქნება თავისუფალი. ჩემი ოჯახი არ დაუშვებს იმას, რომ მამას დაიჭერენ თუ სხვას მნიშვნელობა არ აქვს, ვინმემ ამ ტელევიზიის გეგმები შეცვალოს“ - განაცხადა წერეთელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეში მონაწილეობას ედავება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მათ პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.




























