კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე „ავთანდილის მეღვინეობა“ მომავალი წლის გაზაფხულზე ტურისტული ობიექტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვიმა განაცხადა.
მეღვინეობის დამფუძნებელი, ავთანდილი ირომაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ტურისტულ ობიექტში ადგილობრივი კულტურის, კერძებისა და მასტერკლასების სერვისს შესთავაზებენ.
"ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის, ევროკავშირის გრანტზე განაცხადი გვქონდა დაწერილი, მაგრამ მეორე ეტაპზე საგრანტო პროგრამა დაიხურა. ამის გამო, გადავწყვიტეთ, რომ პროექტი ჩვენი ხარჯებით განგვეხორციელებინა. ახლა პატარა ბიზნეს სესხს ვაკეთებთ და ცოტაც ჩვენი დანაზოგსაც დავამატებთ. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, გაზაფხულზე უკვე სტუმრების მასპინძლობასაც შევძლებთ. პირველ ეტაპზე, იქნება მიღება სეზონურად მოხდება, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, რადგან სტუმრების მიღება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სერვისის ღირებულება, საშუალოდ 40-60 ლარის ინტერვალში იქნება წარმოდგენილი და ფასი შეთავაზებების მიხედვით იქნება დადგენილი.
ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ჩვენი გათვლებით, ჯამში 150 000 ლარამდე ინვესტიციას მოითხოვდა. თუმცა ჩვენნაირი პატარა წარმოებისთვის ერთდროულად ღვინოს წარმოება და ტურისტული მიმართულებით განვითარება რთულია, ამიტომ ვცდილობთ ეტაპობრივად გავაკეთოთ ყველაფერი",-აცხადებს მეღვინე.
ცნობისათვის, "ავთანდილის მეღვინეობა" ბრენდად 2021 წელს იქცა. მეურნეობას ორ მიკროზონა და ერთი ადგილწარმოშობა აქვს, რაც საერთო ჯამში 3 ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებას გულისხმობს. ესენია, "ახოები", "საფერავი წარაფი" და "კარდანახი", რომელიც სოფელ კარდანახშია გაშენებული. კომპანია წელიწადში 3000-4000 ბოთლს აწარმოებს, რაც დაახლოებით 10-15 ტონა ყურძნის გადამუშავებას გულისხმობს.