ავტომობილების ხალიჩების მწარმოებელი კომპანია „ავტო სტუდიო“ რეგიონულ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი იაკობიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ფილიალი შესაძლოა თბილისში ან ბათუმში გაიხსნას.
მისივე თქმით, კომპანია, რომელიც ბაზარზე 2 წელია ოპერირებს და სპეციალიზირებულია ავტომობილებისთვის ინდივიდუალურად დამზადებული ხალიჩების წარმოებაზე, 2026 წელს გარდა გეოგრაფიული გაფართოებისა, ასორტიმენტის მნიშვნელოვნად გაზრდასაც მოიცავს.
„სერვისი მოიცავს ავტომობილის სალონის ადგილზე აზომვას, მასალის დამუშავებას და მომხმარებლის არჩევანზე დამყარებულ ფერებსა და დიზაინში ხალიჩების დამზადებას. ნედლეულის ნაწილი ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია, ნაწილი კი რუსეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირდება.
ჩვენი გეგმები მხოლოდ გეოგრაფიულ გაფართოებით არ შემოიფარგლება. ვაპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას და სხვადასხვა მომსახურების დამატებას. მიზანია, ავტომობილის სალონის ინტერიერს მაქსიმალურად მოვერგოთ – განვაახლოთ სავარძლები, ჭერი და სხვა დეტალები, რათა მომხმარებელს სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ“, – ამბობს გიორგი იაკობიშვილი.
მისივე განმარტებით, ახალი ფილიალის გახსნა უკვე დაგეგმილია და მხოლოდ ლოკაციის შერჩევა რჩება. „ეს მხოლოდ იდეა აღარ არის - ტერიტორიის შერჩევის ეტაპზე ვართ. შესაძლოა ეს თბილისი, ბათუმი ან სხვა ქალაქი იყოს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა”, – დასძენს ის.
ინვესტიციის მხრივ, ახალი ფილიალის გახსნა პირველი ფილიალის გახსნასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ რესურსს მოითხოვს. „პირველი ფილიალის გახსნა დაახლოებით 20 000 ლარი დაგვიჯდა. ახალ ფილიალზე ხარჯი შედარებით ნაკლები იქნება“, - აღნიშნავს კომპანიაში.
კომპანია მდებარეობს თბილისში, თრიალეთის ქუჩა №6-ში, სადაც მომხმარებელს შეუძლია ავტომობილის ადგილზე მიყვანა და სერვისის მიღება. მაღალი ხარისხის ხალიჩების ფასი სედანებისა და ჰეჩბექებისთვის იწყება 175 ლარიდან და მოიცავს წინა და უკანა ხალიჩებს, ასევე შუა დამაკავშირებელ ელემენტს. დიდი ავტომობილების შემთხვევაში ფასი შესაბამისად იზრდება. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც პრემიუმ, ისე ბიუჯეტურ მასალებს.




























