მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის შეხვედრა ჩაინიშნა - რას ითხოვს სექტორი?

ავტომობილები

ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის გადავადებას ითხოვენ. შეზღუდვა პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს. ავტოიმპორტიორები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას ამ წუთებში მართავენ.

როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსი ნონიაძემ "საქმის კურსში" განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, საშეღავათო პერიოდი მიეცეთ და რეგულაცია რამდენიმე თვით გადავადდეს მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას.

"რამდენიმე კითხვის ნიშანია. ვისაც ავტომობილი ჰყავს შემოყვანილი წლის ბოლომდე, სრულად შეძლებს თუ არა საგადასახადო კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლოს, რადგან მოგეხსენებათ, პირველი იანვრიდან რეგისტრაცია იკრძალება. ამ კითხვაზე პასუხს ველოდებით. მეორე კი მოთხოვნაა. ბიზნესის ნაწილმა შეიძინა ავტომობილები და ობიექტური მიზეზების გამო, მანქანების გზაში გადაადგილება შეიზღუდა. ვთხოვთ, გაითვალისწინონ ამ ადამიანების პრობლემა და გარკვეული გარდამავალ დრო მისცენ", - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ალექსი ნონიაძის განცხადებით, სამინისტროში შეხვედრა გაიმართება.

"სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა დღეს, აქციის დროს შეგვეხმიანნენ და რამდენიმე წუთში უნდა შევხვდეთ.

- გაქვთ იმედი, რომ გადავადდება?

იმედი კვდება ყველაზე ბოლოს", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 12 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. მაშინ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან.

"მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები