მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოიმპორტის შეზღუდვის დაანონსებისთანავე შესყიდვები 80%-ით გაიზარდა, როცა ეს მანქანები ჩამოვა, ქართულ პორტებში საცობები შეიქმნება - ნონიაძე

ავტოიმპორტი

12 თებერვალს მთავრობის მიერ ავტოიმპორტზე შეზღუდვის დაანონსებისთანავე შესყიდვები 80%-ით გაიზარდა, როცა ეს მანქანები ჩამოვა, ქართულ პორტებში საცობები შეიქმნება, - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა. მისი თქმით, ტრანსპორტირების დაწყების შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა ირანში მიმდინარე მოვლენებიც.

ცნობისთვის, 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმებოდა, რომელიც მთავრობამ ზუსტად ერთი თვის წინ - 12 თებერვალს დააანონსა. დღეს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აკრძალვა შეიცვლება აქციზის გადასახადის გაზრდით. თუმცა, მანამდე ბაზარზე შექმნილმა მოლოდინმა აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ 13 თებერვლის რეგულაციით, გამონაკლისები ვრცელდებოდა იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებული იქნებოდა 1 აპრილამდე, ავტოდილერებს სწორედ ამ თარიღზე ჰქონდათ გათვლა. ნონიაძე მიიჩნევს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მანქანის ყიდვიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე შესაძლოა ვადა 1-2 თვეს გახანგრძლივდეს, ავტოიმპორტიორებმა მანქანების შესყიდვები გაზარდეს იმ მოლოდინით, რომ 1 აპრილამდე მოესწროთ ტრანსპორტირების დაწყება.

“ვინც ამ საქმეში არის ჩახედული, იცის, რომ ახლა ავტომობილის შეძენა და მერე ტრანსპორტირების დროული დაწყება გაჭირდება. არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილი შეიძლება შეიძინო და სადღაც ორ კვირაში გამოვიდეს გემით ან შეიძლება ორი თვე გაიწელოს მისი გამოსვლა. ამიტომ გადაჭრით ვერავინ და ვერცერთი კომპანია ვერ დადებს თავს, რომ შეძენილი ავტომობილი ტრანსპორტირებას 1 აპრილამდე დაიწყებს. ერთ-ერთი დიდი ფაქტორი, რომელიც ახლა ასევე მოქმედებს, არის ირანის ომი, რის გამოც უკვე დეფიციტური გახდა როგორც გემები, ისევე კონტეინერები”, - აღნიშნა ნონიაძემ.

მისივე თქმით, ავტოიმპორტზე ახალი რეგულაციის დაანონსების შემდეგ, გარკვეულ პერიოდში პირიქით, საქართველოდან ავტოშესყიდვები გააქტიურდა და ზრდა დაახლოებით 80-90% იყო, ვინაიდან ავტოიმპორტიორებს სურდათ “მოესწროთ”.

კითხვაზე - ეს გამოიწვევს თუ არა საქართველოს პორტებში გადატვირთვას მას შემდეგ, რაც გაზრდილი მანქანების რაოდენობა შემოვა, ნონიაძე ამბობს, რომ ეს მოსალოდნელია.

“ბუნებრივია, გარკვეულწილად ეს შექმნის შეფერხებებს, იმიტომ რომ შესყიდვები მინიმუმ 80%-ით არის გაზრდილი და ეს ავტომობილები რომ მოაწყდება ქართულ პორტებს, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად შექმნის საცობებს. ლოგისტიკურად ამ პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ, როცა ძალიან ბევრი კონტეინერი შემოვა, ამ კონტეინერებს მოცდენა შეიძლება ჰქონდეს. გაჩერება კი ჯარიმებს გამოიწვევს, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კომპანიებს. ანუ კონტეინერების მოცდენის გამო გადასახდელი ჯარიმები დააწვება კომპანიებს”, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები