საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
უწყების თანახმად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშნული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, ისე ქვეყნის საგზაო ქსელის მდგრადობითა და უსაფრთხოებით. შესაბამისად, საუბარი ალტერნატიულ ფუნქციაზე არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, როგორც ფასიანი გზების შემოღების წინაპირობა.
"ამასთან, მივიჩნევთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებულ სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან თემას ეხება, თუმცა არასწორია. საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და არსებული ქსელის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას, ინფორმაციის სრულყოფილად და დაბალანსებულად მიწოდების მიზნით, შესაბამისი უწყების ოფიციალური პოზიციაც გადაამოწმონ და საზოგადოებას სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ",- აცხადებენ უწყებაში.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს მოკლე და გრძელვადიანი ხედვა ფასიან გზებთან დაკავშირებით. ცენტრში მიიჩნევენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონის ალტერნატიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებაზე აჩენს კითხვას, ხომ არ უკავშირდება ეს აღმოსავლეთ - დასავლეთის რიკოთის მაგისტრალის ფასიანად გადაკეთებას.




























