19.09.23 12:46
მსუბუქი ავტომობილები საქართველოს სავაჭრო სასაქონლო ჯგუფებში პირველ პოზიციას არ თმობს. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა 1 მილიარდ 368 მილიონი დოლარით დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 33.5%-ს შეადგენს.
8 თვის მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტი 178.1%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი სრულად რეექსპორტზე მოდის. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გავლით 69 494 ერთეული მანქანის რეექსპორტი განხორციელდა.
ღირებულების მიხედვით ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ პერიოდში ყირგიზეთი იყო, რომელზეც ექსპორტის 26% მოდის. ამ პერიოდში ყირგიზეთში 356 მილიონ 190 ათასი დოლარის 8 983 ერთეული მანქანა გავიდა. გადაზიდული მანქანების რაოდენობის მიხედვით კი ლიდერი ყაზახეთია. აღნიშნულ პერიოდში ამ მიმართულებით 21 737 ავტომობილი გავიდა, რომლის ღირებულება 347 მილიონ 118 ათასი დოლარი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ყირგიზეთში უფრო ძვირად ღირებული მანქანები გადის, ვიდრე სხვა მიმართულებით. ყირგიზეთში გატანილი ერთეული მანქანის ფასი საშუალოდ 39 651 დოლარი იყო, ხოლო მაგალითისთვის ყაზახეთში - 15 968 დოლარი.
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი:
საქართველოს გავლით ავტოექსპორტთან დაკავშირებით ის გარემოება უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან აშშ-დან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში აიკრძალა. 26 სექტემბრიდან კი აკრძალვა რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილ 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს და ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტსაც შეეხება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ავტომობილების ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ აკრძალვა რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელზე უკვე აისახა და აგვისტოში, წინა თვეებთან შედარებით, რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია. სტატისტიკიდან ჩანს, რომ 8 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ავტომობილი რუსეთში ივლისში გავიდა.
მიმდინარე წელს რუსეთში ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი თვეების მიხედვით კი ასეთი იყო:
იანვარი - 7 მლნ დოლარი, 507 ცალი;
თებერვალი - 6.4 მლნ დოლარი, 471 ცალი;
მარტი - 8.1 მლნ დოლარი, 566 ცალი;
აპრილი - 8.9 მლნ დოლარი, 606 ცალი;
მაისი - 10.8 მლნ დოლარი, 793 ცალი;
ივნისი - 11.1 მლნ დოლარი, 843 ცალი;
ივლისი - 13.3 მლნ დოლარი, 1 054 ცალი;
აგვისტო - 781 ათასი დოლარი, 85 ცალი.
ასევე ნახეთ::
#BMGDRIVE , #BMGDRIVE – რატომ არ დაუშვეს მაყურებელი საქართველო Vs ჩრდ.მაკედონიის შეხვედრაზე 2020 წლის 12 ნოემბერს?