2022 წლის იანვარ-ნოემბერში მსუბუქმა ავტომობილებმა უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის 11.6%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა, ავტომობილების შესაძენად ქვეყნიდან გასულმა თანხამ 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
კონკრეტულად კი აღნიშნულ პერიოდში საქართველოში 1.391 მლრდ დოლარის ღირებულების 131 941 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. იმპორტირებული ერთეული ავტომობილის საშუალო ღირებულება კი 10 500 დოლარი იყო.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს ღირებულებით 65.6%-ით, ხოლო რაოდენობით 16%-ით ანუ 18 183 ავტომობილით აღემატება.
უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების რეკორდული რაოდენობა ქვეყანაში 2019 წელს შემოვიდა, თუმცა მაშინ 144 460 ავტომობილის ჯამური ღირებულება 1.007 მლრდ დოლარს შეადგენდა. ამასთან, იმ პერიოდისთვის ერთეული ავტომობილის საშუალო ღირებულება 6 700 დოლარი იყო.
მსუბუქი ავტომობილების მთავარი საიმპორტო ბაზარი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები იყო. საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:
1. აშშ - 723 მლნ დოლარი, 86 997 ცალი;
2. იაპონია - 239.4 მლნ დოლარი, 11 489 ცალი;
3. გერმანია - 148.8 მლნ დოლარი, 11 715 ცალი;
4. თურქეთი - 97.6 მლნ დოლარი, 3 068 ცალი;
5. ბელგია - 17 მლნ დოლარი, 2 334 ცალი;
6. კორეის რესპუბლიკა - 16.9 მლნ დოლარი, 1 241 ცალი;
7. გაერთიანებული სამეფო - 15.4 მლნ დოლარი, 263 ცალი;
8. ჩეხეთი - 13.5 მლნ დოლარი, 753 ცალი;
9. უკრაინა -13 მლნ დოლარი, 376 ცალი;
10. ჩინეთი - 12.3 მლნ დოლარი, 1 388 ცალი.
რაც შეეხება ექსპორტს მსუბუქი ავტომობილები უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში 15.1%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს. ოფიციალური მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტი სრულად რეექსპორტს წარმოადგენს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოდან 762.8 მლნ დოლარის ღირებულების 71 896 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. რაც ღირებულებით გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 82.7%-ით აღემატება. რაოდენობის მიხედვით კი 13 915 ერთეულით მეტი ავტომობილი გაიყიდა.
11 თვის განმავლობაში საქართველოდან ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო. ამ მიმართულებას ჯამურ ექსპორტში 35% უკავია. TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
1. აზერბაიჯანი - 270.2 მლნ დოლარი, 27 700 ცალი;
2. უკრაინა - 118.7 მლნ დოლარი, 12 582 ცალი;
3. სომხეთი - 112.6 მლნ დოლარი, 10 145 ცალი;
4. ყაზახეთი - 73.2 მლნ დოლარი, 6 152 ცალი;
5. რუსეთი - 65.2 მლნ დოლარი, 4 654 ცალი;
6. ყირგიზეთი - 51.8 მლნ დოლარი, 6 632 ცალი;
7. ბელგია - 23.7 მლნ დოლარი, 499 ცალი;
8. ტაჯიკეთი - 13.2 მლნ დოლარი, 2 187 ცალი;
9. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 9.8 მლნ დოლარი, 137 ცალი;
10. ბელარუსი - 5.8 მლნ დოლარი, 196 ცალი.




























