2012 წელს დაფუძნებული Carvana ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კომპანია იყო, რომელიც Fortune 500-ის სიაში აღმოჩნდა. აგრესიული მარკეტინგისა და მოთხოვნის მკვეთრი ზრდის წყალობით, 2021 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 63 მილიარდ დოლარს მიაღწია და ის ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდ პლატფორმად სახელდებოდა.
საფონდო ბირჟაზე პიკის დროს, Carvana-ს დამფუძნებლის, ერნი გარსიას ქონების ქონების შეფასებამ 22 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა კომპანიის სწრაფ აღმასვლას მალევე მოჰყვა არანაკლებ მკვეთრი და სანახაობრივი დაღმასვლა.
ერთ წელში საფონდო ბირჟაზე Carvana-ს აქციების ღირებულება 99%-ით დაეცა, კომპანიის კაპიტალიზაცია კი $63 მილიარდიდან $700 მილიონამდე შემცირდა.
მიმდინარე წელს საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგის ფონზე, Carvana გაკოტრების პირასაა. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის უმსხვილესი კრედიტორები ვალის ჩამოწერის და გაკოტრების გამოცხადების შემდეგ, რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის გატარების პერსპექტივასაც აქტიურად განიხილავენ.
აღნიშნული სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, გასულ 24 საათში Carvana-ს აქციების ღირებულება დამატებით 43%-ით შემცირდა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანიას საკმარისი საოპერაციო თანხა აღარ რჩება, ვალდებულებების მოცულობა კი აქტივების შეფასებას აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Carvana უკვე პრაქტიკულად გაკოტრებულია.
Carvana-ს დაღმასვლა მარტივი მიზეზითაა განპირობებული, პანდემიურ პერიოდში კომპანიამ დიდი რაოდენობით რესურსები დახარჯა აგრესიულ მარკეტინგზე, რამაც საფონდო ბირჟაზე კომპანიის მიმართ ინტერესის ზრდა გამოიწვია. აქციების ღირებულების ზრდის ფონზე, სულ უფრო მეტ დამწყებ ტრეიდერსა და ინვესტორს მოუნდა Carvana-ს აქციების შეძენა, რამაც კომპანია ერთგვარ "სპეკულაციურ ბუშტად" აქცია.
Carvana-ს კოლაფსი მას შემდეგ დაიწყო, რაც ინვესტორებმა გააცნობიერეს, რომ კომპანია ბირჟაზე იმაზე გაცილებით უფრო ძვირად იყო შეფასებული, ვიდრე ის რეალურად იმსახურებდა, ბუღალტრულ ანგარიშგებაში კი არაერთი საგანგაშო ინდიკატორიც გამოვლინდა, მათ შორის, ვალდებულებებისა და აქტივების არასახარბიელო შეფარდება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.